ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვცემდი პატივს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ დააკმაყოფილებდა ჩვენს სარჩელს, მაგრამ ეს არ არის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, დავის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ბევრ კითხვას აჩენს. ადვოკატის განმარტებით, მოსამართლის გადაწყვეტილება გასაჩივრდება.
„სასაცილოა, რომ ხუთი სხდომა დასჭირდა სასამართლოს, რათა გადაეწყვიტა, რომ თურმე ეს საქმე არ არის სასამართლოს განსახილველი. მე ვერ ვიხსენებ პრეცედენტს, რომ ამდენი სხდომა ჩატარებულიყო და მთავარ სხდომაზე მიეღო საქმის განხილვის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლევან გორელაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსარჩელე მხარისა და სასამართლოს აზრები გაიყო.
„პირველ შემთხვევაში, იმავე მოსამართლემ უარი თქვა სარჩელის მიღებაზე. ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ და სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით მართალი. ამ გადაწყვეტილებასაც გავასაჩივრებთ. ჩემთვის უცნაურია ეს გადაწყვეტილება, რაც ქალბატონმა მაია გიგაურმა მიიღო. გამოვკითხეთ გიორგი ოთხმეზური და ამის შემდეგ დაადგინა, რომ უნდა შეწყვეტილიყო საქმე? ეს ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. დღესაც ვაცხადებ, სასამართლოს ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემდი იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ დააკმაყოფილებდა ჩვენს სარჩელს. ეს იქნებოდა საკითხის გადაწყვეტა. მაგრამ ეს არ არის გადაწყვეტილება. სასამართლომ ვერ გაბედა ამ გადაწყვეტილების მიღება. მოწინააღმდეგე მხარეც კი არ აყენებდა ასეთ შუამდგომლობას და გაუგებარია სასამართლოს გადაწყვეტილება. ორი პროცესის წინ მოსამართლემ უარი თქვა მსგავს შუამდგომლობაზე და ეს ახლა გავიხსენე, დღეს კი საკუთარი ინიციატივით შეწყვიტა“, – განაცხადა ლევან გორელაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ე.წ. სამეფო დავის განხილვა შეწყდა.