ბაღები, სკვერები და პარკები კანონით იქნება დაცული, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გააკეთა.
ინიციატივის ავტორების თქმით, კანონში გაჩნდება ახალი ტერმინი – „მწვანე ხაზები“ და სწორედ ამ ხაზებით იქნება შემოსაზღვრულ აღნიშნული ტერიტორიები.
როგორც კახა კუჭავა აცხადებს, კანონპროექტის მიხედვით, დაგეგმილია მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც იმუშავებს გამწვანებული ტერიტორიების საკითხებზე, ნებისმიერ მუნიციპალიტეტს ექნება საშუალება, მიმართოს აღნიშნულ ჯგუფს და განიხილოს გაზრდის, დამატების ან დემარკაციის საკითხები.
ამასთან, კანონპროექტის შესახებ ისაუბრა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ კანონპროექტი იქნება ახალი სიტყვა და ამ მოწვევის პარლამენტის ისტორიული გადაწყვეტილება.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალურია გარემოს დაცვის თემა და ვხვდებით ხოლმე ამბებს, როცა ადამიანები სხვადასხვა სკვერებში აპროტესტებენ მშენებლობას და სრულიად სამართლიანად. ასეთ საუბრებს დაესმევა წერტილი და როცა შემოვა ყველაზე პოზიტიური ტერმინი კანონმდებლობაში „მწვანე ხაზები“, ის დაიცავს პარკებს, სკვერებს, ბაღებს ნებისმიერი სახის კაპიტალური მშენებლობისგან. ეს იქნება ახალი სიტყვა, ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის მხარდაჭერის შემთხვევაში, იქნება საამაყო ნაბიჯი ამ მოწვევის პარლამენტისა. ჩვენ გვჭირდება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა, გვქონდა კონსულტაციები თბილისის მერთან ბუნებრივია, მათი მხრიდან არის სრული მხარდაჭერა“,- განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ.