ბაგა-ბაღში ბავშვებზე ძალადობაში ბრალდებული აღმზრდელის თანაშემწე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
სასამართლომ ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მიმართ ძალადობაში ბრალდებული აღმზრდელის თანაშემწე დამნაშავედ ცნო – ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული კ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, დღის საათებში, ქ. თბილისში, საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწემ კ.კ.-მ ამავე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი მცირეწლოვნების ლ.რ.-ს, დ.რ.-ს, ა.ხ.-სა და ნ.მ.-ს მიმართ განახორციელა ძალადობა, რის შედეგადაც ოთხივე აღსაზრდელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სამართალდამცველებმა კ.კ. 2017 წლის 14 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა“, – აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.კ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა.