ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლო დასკვნით ეტაპზეა გადასული
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულების, ლევან ქარდავასა და რევაზ შიუკაშვილის უფლებადამცველებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.
ლევან ქარდავას ადვოკატმა, გია გოროზიამ თავის დასკვნით სიტყვაში ეჭვქვეშ დააყენა აუდიოჩანაწერის ავთენტურობა, რომელიც ბრალდების მხარის მთავარ მტკიცებულებად ითვლება. გია გოროზიას განმარტებით, აუდიოჩანაწერზე გაკეთებული ექსპერტიზის დასკვნა არ არის სანდო. ადვოკატმა მაგალითად ალტერნატიული ექსპერტიზის შემსრულებელი ექსპერტის სასამართლოში მიცემული ჩვენება მოიყვანა. გია გოროზიამ დასკვნით სიტყვის გასამყარებლად სხვა მოწმეების ჩვენებებიც მოიშველია.
რაც შეეხება, რევაზ შიუკაშვილის ადვოკატს, უფლებადამცველმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის პიროვნულ თვისებებსა და ევროპულ მაგალითებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრალდება უსაფუძვლოა.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის თქმით, დაცვის მხარეს აშკარად უჭირს ბრალდების მტკიცებულებებისა და არგუმენტების გაბათილება.
„ადრე თუ ბრალდებულები გვემუქრებოდნენ, დღევანდელ სხდომაზე მათმა დამცველი, ადვოკატი მამუკა გვარამია, რომელიც გახლავთ ყოფილი გენერალური პროკურორი და თბილისის პროკურორი, დაგვემუქრა ბრალდების მხარეს და ექსპერტიზის ბიუროს, რომ პასუხისგებაში მიგცემთო ამ საქმის გამოო. ეს რევანშისტული განცხადებები მალე დასრულდება, რადგან ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.
კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადება ედაბათ.
მომდევნო სხდომა 12 დეკემბერს 15:00 საათზე გიორგი მერებაშვილის ადვოკატის, კახა ხვისტანის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება.