ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე პროკურორი ადვოკატებს სასამართლო პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე პროკურორი ადვოკატებს სასამართლო პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე პროკურორი ადვოკატებს სასამართლო პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილი იყო სამი მოწმის დაკითხვა, თუმცა სხდომა ბრალდებულ ლევან ქარდავას ადვოკატის, გია გოროზიას გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის, ბრალდებულ ლევან ქარდავას ადვოკატმა სასამართლოს შეატყობინა, რომ დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრებოდა, რადგან ბათუმში სხვა საქმის განხილვას ესწრებოდა.

მოსამართლე შორენა გუნცაძემ განაცხადა, რომ დღევანდელი სხდომა გაცილებით ადრე დაიგეგმა და ადვოკატი ამ სხდომის შესახებ ინფორმირებული იყო, შესაბამისად მოსამართლემ არასაპატიოდ მიიჩნია სხდომაზე ადვოკატის გამოუცხადებლობა და გია გოროზია 200 ლარით დააჯარიმა, საქმის განხილვა კი ხვალისთვის გადაიდო.

საქმის პროკურორი მოსამართლის გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს. პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ ხელოვნურად ხდება სასამართლო სხდომების გაჭიანურება, რათა საპატიმრო ცხრა თვიანი ვადა ისე გავიდეს, რომ ამ პერიოდში განაჩენი არ დადგეს.

ცხრა თვიანი საპატიმრო ვადა ივლისში იწურება და თუ ამ პერიოდში არ დასრულდა საქმის განხილვა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ბრალდებული სამი თანამშრომლიდან ერთი, გიორგი მერებაშვილი საპატიმროს დატოვებს, ორს კი, პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების გარდა, სხვა საქმეზეც აქვთ ბრალი წარდგენილი.

გიორგი მერებაშვილის ადვოკატი პროკურორის პოზიციას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ სწორედ ბრალდების მხარის მიერ მოხდა რამდენჯერმე წინასასამართლო სხდომის თარიღის გადაწევა.

განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდება წარდგენილი აქვთ კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს, გიორგი მერებაშვილს, რევაზ შიუკაშვილსა და ლევან ქარდავას. არც ერთი მათგანი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.