ბადრი ჯაფარიძე - ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვან თავიანთი კანდიდატის იქ დაყენებაზე, სადაც „ლელოს“ კანდიდატი იქნება, ამას ერთად განვსაზღვრავთ
ჩვენ არ ვიყავით ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკების მონაწილე, თუმცა ყველა მაჟორიტარულ ოლქში ჩვენი კანდიდატების შერჩევას როცა დავასრულებთ, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად კვლავ განვიხილავთ, თუ როგორ მოვახერხოთ პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატების გარანტირებულად დამარცხება, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომლითაც ოპოზიციის მიერ თბილისის ექვს ოლქში საერთო კანდიდატების დასახელებას გამოეხმაურა.
„ის მოლაპარაკებები, რომლებიც სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს, დღეს შეთანხმებით დასრულდა. თავიდანვე განვაცხადეთ, ჩვენ არ ვიყავით ამ მოლაპარაკების მონაწილე, მაგრამ როდესაც ჩვენ დავასრულებთ ჩვენი კანდიდატების შერჩევას ყველა მაჟორიტარულ ოლქში, შემდგომ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად კვლავ განვიხილავთ იმას, თუ როგორ მოვახერხოთ პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული კანდიდატების გარანტირებულად დამარცხება“,- აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მოხსნათ კანდიდატურა რომელიმეს სასარგებლოდ, ჯაფარიძემ ასე უპასუხა:
„შეიძლება, მათ მოხსნან. სიტყვა მოხსნა არასწორია, რადგან ჯერ არ დაგვიყენებია კანდიდატურა. ჩვენ დავაყენებთ კანდიდატებს, შემდეგ განვსაზღვრავთ ერთად. შეიძლება, ზოგიერთ შემთხვევაში ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვან თავიანთი კანდიდატის დაყენებაზე იქ, სადაც „ლელოს“ კანდიდატი იქნება. აქედან გამომდინარე, აქ საუბარია იმაზე, როგორი მიდგომა იქნება ამა თუ იმ ოლქში, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი დამარცხდეს გარანტირებულად პირველივე ტურში“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ოპოზიციამ თბილისის ექვს ოლქში საერთო მაჟორიტარული კანდიდატები დაასახელა.