ბადრი ჯაფარიძე - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, მივიყვანთ ბოლომდე, სიმართლე დადგინდება
ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეს რაც საზოგადოებამ ნახა, ეს არის იმ თაღლითობის გაგრძელება, რომელსაც ჩადიოდა პროკურატურა მთელი ამ დროის განმავლობაში.
„მინდა, ყველა თქვენგანს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენ მივიღეთ და დღეს განსაკუთრებით მინდა, ყველას დიდი მადლობა გითხრათ. ეს ბრძოლა, რასაც ჩვენ გავდივართ, ღირს, რადგან ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. რაც ვნახეთ, ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც ჩადიოდა პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რადგან ცხადია, არანაირი ნიშანწყალი არ ყოფილა არასდროს, არანაირი ფულის გათეთრების, ან რაიმე დანაშაულის. ამიტომ, ახლა რაც მოსამართლემ გამოაცხადა, მან შეცვალა ის მუხლი ფულის გათეთრების, მოახდინა მისი გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, თუმცა ძველი მუხლით მოგვისაჯა შვიდი წელი, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება, შესაბამისად, გაგვათავისუფლა პასუხისმგებლობისგან.
ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს. ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ და ჩვენ იმავეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც და ჩვენი ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში. ასე რომ, ყველას დიდი მადლობა. ბრძოლა გრძელდება. ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და მივიყვანთ ბოლომდე, სიმართლე დადგინდება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები გადააკვალიფიცირა, თუმცა ისინი დამნაშავედ ცნო, ხანდაზმულობის გამო კი, გათავისუფლდნენ საპატიმრო სასჯელისგან.