ბადრი ჯაფარიძე - სამწუხაროდ, გახარიას არ აქვს გამბედაობა თქვას, რა როლი ითამაშა წერილთან დაკავშირებით
„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე პროკურატურის ინფორმაციას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, მამუკა ხაზარაძის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას.
ბადრი ჯაფარიძის კომენტარს „ლოლოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჯაფარიძე პროკურატურას არაკომპეტენტურობასა და გიორგი გახარიას „გათეთრების უბადრუკ მცდელობაში” ადანაშაულებს.
„სამწუხაროდ, დღევანდელი პროკურატურისგან, გარდა არაკომპეტენტური განცხადებებისა, არაფერს სასიკეთოს არ უნდა ველოდოთ. გიორგი გახარიას თუ აქვს გამბედაობა, ის უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და თქვას, რა როლი ითამაშა ამ წერილთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძემ თქვა სრული სიმართლე. ამას ვადასტურებ სრული პასუხისმგებლობით და ჩვენ ვადასტურებთ, რომ წერილი მივიღეთ გახარიას გავლით. დაქტილოსკოპიური ბაზა ინახება საქართველოში და კომპეტენტური პროკურატურის არსებობის შემთხვევაში ყველაფრის დადგენა მარტივად არის შესაძლებელი. ჩვენ გვყავს მიკერძოებული პროკურატურა. აქედან გამომდინარე, პროკურატურის განცხადების სახით, ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. დღევანდელი პროკურატურის პირობებში, პროკურატურისგან გახარიას გათეთრების გარდა, სხვა მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ხელისუფლება შესაცვლელია, რომ ქვეყანას ჰყავდეს ქვეყნის სამსახურში მყოფი პასუხისმგებლიანი, მცოდნე და კომპეტენტური ახალი თანამედროვე უწყება,”- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა.
პროკურატურამ გუშინ გაავრცელა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, მამუკა ხაზარაძის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას.