ბადრი ჯაფარიძე - სახელმწიფო მდივნის მიერ გამოცხადებული ახალი სავიზო შეზღუდვები წარმოადგენს აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მორიგ ნაბიჯს
დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ გამოცხადებული ახალი სავიზო შეზღუდვები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიას და რუსული კანონის ინიცირებასთან, დამტკიცებასთან არიან დაკავშირებული, ემსახურება და წარმოადგენს შეერთებული შტატების მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მორიგ ნაბიჯს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, აშშ-ის ამ ნაბიჯს აუცილებლად მოჰყვება შემდგომი მხარდაჭერის აქტები.
„დღეს ჩვენ გვყავს ბოლშევიკური ხელისუფლება, რუსული ინტერესების სამსახურში მყოფი „ოცნების“ პოლიტიკოსები და ამ პარტიის დამფუძნებელი, რომელიც სრულიად უგულებელყოფს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს, ამიტომ ეს არის შეერთებული შტატების მხრიდან მორიგი მხარდაჭერის აქტი ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება შემდგომი მხარდაჭერის აქტები „ოცნების“ წარმოებული პოლიტიკის და ქართველი ხალხის, მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ახალგაზრდების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი აქტების საპასუხოდ“, – აცხადებს ჯაფარიძე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ვიწყებ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას, იმედი გვაქვს, საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.