„ლელო“ მოითხოვს, ევროკავშირისგან მიღებული კითხვარი საჯარო გახდეს და აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში საკუთარი ხედვა წარმოადგინოს
პარტია „ლელოში“ საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გადაცემულ კითხვართან დაკავშირებთ ბრიფინგი გამართეს და საკუთარი მოტხოვნები წარადგინეს.
როგორც „ლელოში“ აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ კითვარი საჯარო გახდეს და ცნობილი იყოს, რა პასუხებს სცემს მათ ხელისუფლება.
„გვაქვს უპრეცენდენტოდ ცოტა დრო იმისთვის, რომ კითხვარზე, რომელიც გადმოგვეცა, გავცეთ პასუხები, ისეთი პასუხები, რომელიც შექმნის პროგრესის შესაძლებლობას. მსურს, ყველას ესმოდეს, რომ ძალიან მარტივად შეიძლება, დაიბლოკოს პროგრესი, თუ საქართველოს ხელისუფლება თავს ვერ გაართმევს იმ ურთულეს ამოცანას, რომელიც დღეს მას აქვს შესასრულებელი. ამიტომ, წარმოვადგენთ ჩვენს მოთხოვნებს, რა უნდა გაკეთდეს, რა შეიძლება, რა არის რეალისტური, რომ გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“ მომავალი ერთი თვის მანძილზე, რომ მივიღოთ დადებითი პასუხი ევროკავშირისგან კითხვარზე პასუხების დაბრუნების შემდეგ. პირველი, ჩვენ მოვითხოვთ, რომ გასაჯაროვდეს ეს კითხვარი, გახდეს ხელმისაწვდომი ყველასთვის. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროინტეგრაციის კომიტეტმა პარლამენტში მოიწვიოს ახლავე, უახლოეს დღეებში საგარეო საქმეთა მინისტრი და მან წარადგინოს, როგორ აპირებს მთავრობა მთავრობა იმუშაოს ამ კითხვაზე და როგორ აპირებს, გასცეს პასუხი. ასევე კონკრეტული მიმართულებებით, განსაკუთრებით იქ, სადაც ჩვენ დღესაც ვნახეთ მათ შორის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, გვაქვს ყველაზე მწვავე გამოწვევები, ეს არის მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა, ევროინტეგრაციის კომიტეტმა უნდა გაწეროს მთელი თვის სამუშაო გრაფიკი და ყველა სამუშაო სხდომაზე უნდა მოვიდნენ შესაბამისი მინისტრები და ოფიციალური პირები, რომლებიც წარმოადგენენ მიმდინარეობას ამ კითხვარზე პასუხის გაცემის პროცესის. და ბოლოს, ევროკავშირში გაწევრიანებას სჭირდება ოფიციალური სახელმწიფო სტრატეგია და ეს სტრატეგია უნდა წარმოადგინოს ასევე ამ ერთი თვის მანძილზე ხელისუფლებამ. ეს არის ჩვენი კონკრეტული მოთხოვნები იმასთან ერთად, რასაც დიდი ხანია ვამბობთ, რომ მიშელის შეთანხმების ყველა რეფორმის განხორციელება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ, ეს ყველაფერი თუ გაკეთდება, მაშინ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან ერთად იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს წარმატების შანსი“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
„ლელოს“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით კი, ახლა ყველას ამოცანაა, ამ ისტორიული მიზნის ირგვლივ მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცი.
„ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში, შესაბამისად, „ლელო საქართველოს“ პოზიციაა და მზაობა იმისათვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა ჩვენმა ქვეყანამ ეს შესაძლებლობა გამოყენოს სრულად და მართლაც დაიწყოს ისტორიული პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ „ქართული ოცნება“ იგივე მეთოდებს გამოიყენებს ამ პროცესში, რაც უკვე გააკეთეს შარლ მიშელის დოკუმენტთან მიმართებაში, ამიტომ ჩვენ არ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა, რომ ხელიდან გააშვებინოს ჩვენს ქვეყანას ეს ისტორიული შესაძლებლობა. ჩვენი ამოცანა და მიზანია ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წარმატება და წარმატება იქნება სწორედ ის, რომ დროულად მოხდეს ამ კითხვარის შევსება, ეს პროცესი იყოს საჯარო, ჩვენმა თანამოქალაქეებმა იცოდნენ, თუ რა კითხვებია გამოგზავნილი, რა პასუხებს სცემს „ქართული ოცნება“, რა რეფორმები უნდა განხორციელდეს უახლოეს მომავალში იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენება. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა ახლა, რომ ამ ისტორიული მიზნის ირგვლივ შევძლოთ საზოგადოების კონსოლიდაცია და ჩვენ შევძლოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ის რისკები, რომელიც დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნასთან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი 11 აპრილს გადაეცა.