ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნებისგან“ ვერ მოვისმინე ვერაფერი, რაც განმუხტავს მდგომარეობას, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები არ იძლევა იმედს, რომ ვითარებას განვმუხტავთ
ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნებისგან“ ვერ მოვისმინე ვერაფერი, რაც განმუხტავს მდგომარეობას, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები არ იძლევა იმედს, რომ ვითარებას განვმუხტავთ

ჩვენ ბოიკოტს ვაგრძელებთ იმის გამო, რომ არ გვაქვს შეთანხმება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. შეუძლებელია, იყო ბოიკოტში და შეხვიდე პარლამენტში, შექმნა საგამოძიებო კომისია და აწარმოო საგამოძიებო მოქმედებები, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„მე რაც მოვისმინე, ღარიბაშვილის განცხადებები, ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ხისტი პოლიტიკის გაგრძელება, ალბათ სიტუაციის ექსკალაციაა, რადგან, სამწუხაროდ, ვერ მოვისმინე „ქართული ოცნებისგან“ ვერაფერი, რაც განმუხტავს ამ მძიმე მდგომარეობას. სამწუხაროდ, რაც მოვისმინე ღარიბაშვილის განცხადებები, არ იძლევა იმედს, რომ ჩვენ ვითარებას განვმუხტავთ. თუმცა, ოპოზიცია არის აბსოლუტურად მობილიზებული და მზად იმისთვის, რომ დაიწყოს დიალოგი „ქართულ ოცნებასთან“ ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით. ჩვენ ამის გარეშე კრიზისს ვერ განვმუხტავთ, მაგრამ სამწუხაროდ, რაც აქამდე მოვისმინეთ, ღარიბაშვილის განცხადებას ვგულისხმობ და მისი თანაპარტიელების, ისინი ფიქრობენ ძალისმიერი მეთოდებით ოპოზიციასთან ბრძოლის გაგრძელებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წარმომადგენლებს არ უტოვებს სხვა გზას, გარდა ბოიკოტის გაგრძელების და მშვიდობიან მანიფესტაციებზე ფიქრისა.

„ვგულისხმობ კანონის შესაბამის და კონსტიტუციის ფარგლებში გათვალისწინებულს პროტესტის გამოსახატავად. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა შესაძლო ინსტრუმენტის გამოყენებას, მშვიდობიან ინსტრუმენტს ვგულისხმობ, რათა „ქართული ოცნება“ მიხვდეს, რომ ვადამდელი არჩევნების გარეშე ქვეყანაში ვითარება არ განიმუხტება, შეუძლებელია. ჩვენ ვუშვებთ ერთ მნიშვნელოვან შეცდომას, რა თქმა უნდა, საგამოძიებო კომისიიის მუშაობაში მივიღებთ მონაწილეობას, თუკი პოლიტიკური შეთანხმება შედგებოდა და ბოიკოტი დასრულდებოდა, მაგრამ ახლა, როცა ბოიკოტი გრძელდება და „ოცნებამ“ უარი გვითხრა შეთანხმებაზე, შეუძლებელია ბოიკოტის რეჟიმში იყო და იმუშაო „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. ეს არასერიოზული დამოკიდებულება იქნება ბოიკოტისადმი, გამოძიებისადმი. „ოცნების“ შემქნილი კომისიის ამოცანა როგორ შეიძლება, იყოს „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული დარღვევების დადგენა. ჩვენ ბოიკოტს ვაგრძელებთ იმის გამო, რომ არ გვაქვს შეთანხმება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. შეუძლებელია, იყო ბოიკოტში და შეხვიდე პარლამენტში, შექმნა საგამოძიებო კომისია და აწარმოო საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება „ოცნების“ განცხადებას, რომ თუ ერთი პროცენტი ცდომილება მაინც დადგინდება, მზად ვართ, ჩავატაროთ არჩევნებიო. მინდა, შეგახსენოთ, „ქართულმა ოცნებამ“ 10 პროცენტზე მეტი მანდატი მოიპოვა მეორე ტურებში, 17 მანდატი ყოველგვარი კონკურენციის გარეშე და ძალიან დაბალი გამოცხადების პირობებში, ერთი პროცენტი არა. იმის გამო, რომ პირველი ტურის შემდეგ ვნახეთ პრაქტიკულად დაცინვა გასაჩივრებასთან მიმართებით, სრული იგნორირება იმის, რაც იყო წარმოდგენილი ოპოზიციის მხრიდან, არასამთავრობოების მხრიდან და პრაქტიკულად გვითხრეს, რომ მეორე ტურებში თქვენს მონაწილეობას აზრი არ აქვს, ამის გამო გვაიძულეს, გამოგვეცხადებინა ბოიკოტი. 17 მანდატი, 10 პროცენტზე მეტი იქნა მათ მიერ მითვისებული. ეს არის საკმარისი, ვთქვათ, რომ ეს პარლამენტი არ ასახავს ქართველი ამომრჩევლის ნებას. ეს არის ფსევდოკომისია, რადგან თუ მართლაც სურდა „ოცნებას“ დარღვევების გამოძიება, ჩვენ უნდა გვენახა სულ სხვაგვარი დამოკიდებულება, რაც პირდაპირ გეტყვით, ჩვენ რომ გვენახა, რომ „ქართულ ოცნებას“ სურდა, გარკვეულიყო რატომ დაიწერა ასობით საჩივარი, რატომ მოითხოვა არასამთვრობო ორგანიზაციებმა 250 უბანზე გადათვლა, ეს მზაობა რომ ყოფილიყო, ჩვენი მხრიდან იქნებოდა ანალოგიური კონსტრუქციული მიდგომა და ჩვენ მივიღებდით ყველა მაჟორიტარულ ოლქში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რომელიც ღრმავდება.

„ვადამდელი არჩევნების შეთანხმება და მეხუთე რაუნდი მთლიანად დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“ და ეს არის მათი პასუხისმგებლობა. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ისწავლოს საქართველოში ქვეყნის ინტერესების პარტიულ ინტერესებზე მაღლა დაყენება. ჩვენ ვერ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, გარდა განწირული მცდელობისა, შეინარჩუნოს ძალაუფლება ნებისმიერი გზით. ვერ ვხედავთ პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება მას. ახლა სწორი და მშვიდობის მომტანი გამოსავალია ვადამდელი არჩევნები. რაც არ უნდა ზეწოლა იყოს ოპოზიციაზე, ეს დარჩება უცვლელად. ეს არის ჩვენი ამომრჩევლების მოთხოვნა და ეს არის ცივილიზებული პრაქტიკა. ჩვენ შევთავაზეთ სხვა გზაც, რომ გვეკითხა ამომრჩევლისთვის, სურთ თუ არა ვადამდელი არჩევნები. ეს იქნებოდა დემოკრატიული გზა, რომ ეს კრიზისი განმუხტულიყო. ამაზეც უარი მივიღეთ. მოვისმინეთ, როგორი განხეთქილებაა „ოცნებაში“, რომ არსებობს რადიკალების ფრთა, რომელიც ყველა შესაძლო შეთანხმებაზე უარს ამბობს, მზად არის, გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები ოპოზიციის საწინააღმდეგოდ. ეს ფრთა უნდა დამარცხდეს „ქართულ ოცნებაში“, რომ ჩვენ მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციაში კონსენსუსია, რომ პროტესტი მხოლოდ მშვიდობიანი ფორმებით უნდა გამოიხატოს.

„ჩვენი განცხადება ყოველთვის იყო, რომ ყოველთვის მშვიდობიანი პროტესტის მხარდაჭერას ვაპირებთ. მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადდა პატიმრობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, ნიკა მელიამაც იგივე განაცხადა. ოპოზიციის სრული კონსენსუსი და თანხმობაა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით იყოს პროტესტი. იყო განცხადებები ხელისუფლების მხრიდან, რომ კანონი აღსრულდება და იქნება გამოყენებული ყველა შესაძლო ძალა. ეს განცხადება, აშშ-ის საელჩოს განცხადებას ვგულისხმობ, იყო მიმართული იმისკენ, რომ ცხელი თავები გაეგრილებინა, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებაში“ და არა ოპოზიციაში. არც ერთი პარტიის ლიდერს არ უთქვამს, რომ აპირებს ძალისმიერი მეთოდის გამოყენებას. კონკრეტული ლიდერების განცხადებაზე პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებ. შემიძლია, პასუხი ვაგო ჩვენს განცხადებაზე. ყველა ცალსახად ვაცხადებთ, რომ ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ მშვიდობიანი პროტესტი, არანაირი ძალის გამოყენება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.