ბადრი ჯაფარიძე - პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიტყვა იყო გამსჭვალული ოპტიმიზმით, რომ ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭებაზე, ასევე იყო მოწოდება ერთიანობისკენ, ამ დიდი მიზნის ირგვლივ
ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიტყვა იყო გამსჭვალული ოპტიმიზმით, რომ ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში, კამპანიის – „ჩვენი ხმა ევროპას“ დასკვნითი მიღების დასრულების შემდეგ განაცხადა.
„პრეზიდენტის სიტყვაში ასევე ეს იყო მოწოდება ერთიანობისკენ, ამ დიდი მიზნის ირგვლივ. ეს იყო ძალიან პოზიტიური გზავნილი. შესაბამისად, ასე იყო აღქმული ყველა დამსწრე საზოგადოების მიერ. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ გაატარო რეფორმები, რომელიც სჭირდება ქვეყანას, იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნა. კანდიდატის სტატუსი არის შესაძლებლობა და ეს შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული, როცა ყველა რეფორმა განხორციელდეს, რომელსაც ითხოვს ევროკავშირი“,- განუცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.