ბადრი ჯაფარიძე - პესკოვმა შეაქო ეს კანონი, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დაგმეს, აი, ეს არის რუსული ჩანაწერი
ბადრი ჯაფარიძე - პესკოვმა შეაქო ეს კანონი, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დაგმეს, აი, ეს არის რუსული ჩანაწერი

ისტორიული და მამაცური გადაწყვეტილება, რაც მიიღო ევროკავშირმა და ყველა მისმა წევრმა, რომ საქართველოსთვის გაეხსნა კარი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, შეიძლება დაიხუროს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

„ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენელმა, ჰერჩინსკიმ ისაუბრა ძალიან დიდი გულდაწყვეტით, რა ვითარებაც არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. საქართველომ, შეიძლება, ხელიდან გაუშვას უნიკალური შანსი. ისტორიული და მამაცური გადაწყვეტილება, რაც მიიღო ევროკავშირმა და ყველა მისმა წევრმა, რომ საქართველოსთვის გაეხსნა კარი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, შეიძლება დაიხუროს.

ამავდროულად, ისიც გულდასაწყვეტია, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინამ, რომელმაც საქართველოსთან ერთად კანდიდატის სტატუსი მიიღო, უკვე გახსნა მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ახლა რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს რუსული კანონის მეშვეობით, ეს არის, საიმედოდ ჩახერგოს საქართველოსთვის კარი, რომელსაც მივყავართ ევროკავშირისკენ.

რაც შეეხება რეკომენდაციებს – არცერთი რეკომენდაცია არაა შესრულებული სრულად. ორი რეკომენდაცია არის ნაწილობრივ შესრულებული. ყველა ნაბიჯი, რომელსაც ახლა „ქართული ოცნება“ დგამს, არის იმისთვის, რომ გამორიცხოს მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირთან. ეს არის მიზანდასახული მოქმედებები“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, რუსული კანონის მიღების რამდენიმე მიზეზი აქვს „ქართულ ოცნებას“.

„პირველი – საიმედოდ დაახშოს კარი, რომელსაც ევროპისკენ მივყავართ; მეორე – მოახრჩოს ის მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომ არ ისმოდეს კრიტიკული ხმა. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაში მომუშავე ადამიანები ეხმარებიან თავიანთ თანამემამულეებს, და „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა, ვერ მიიღონ დაფინანსება ამ აქტორებმა; მესამე – გადაიტანოს ყურადღება იმ მნიშვნელოვანი, აქტუალური და მწვავე პრობლემებისგან, რომელიც დღეს ჩვენს საზოგადოებას აწუხებს.

ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწევს ბიძინა ივანიშვილი. რომელი ჩანაწერია რუსული? პესკოვმა შეაქო ეს კანონი, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დაგმეს ეს კანონი – აი, ეს არის ჩანაწერი“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.