ბადრი ჯაფარიძე - პარლამენტში შესვლა არ განიხილება, თუ არ იარსებებს პოლიტიკური შეთანხმება
პარლამენტში შესვლა არ განიხილება, თუ არ იარსებებს პოლიტიკური შეთანხმება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, სტრატეგიული პარტნიორები, ელჩები ყველაფერს აკეთებენ, რათა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები გაგრძელდეს.
„ისინი ამ მიმართულებით ყველა ძალისხმევას ახორციელებენ. მათთან ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი. ოპოზიციის პოზიციაა, რომ გვსურს, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა „ქართულ ოცნებასთან“ და მზად ვართ, ვიშრომოთ. ცხადია, პოლიტიკური შეთანხმება ახალ არჩევნებს, ასევე ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში და მის რეფორმირებას უნდა მოიცავდეს. ასევე ცვლილებებს ცესკო-ს ადმინისტრაციაში. სხვა საკითხებიც არის პოლიტიკურ დევნასთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ეს არის ის პაკეტი მოლაპარაკებების, რომელსაც მზად ვართ, ვაქციოთ პოლიტიკურ შეთანხმებად „ქართულ ოცნებასთან“, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ. სახეზეა პოლიტიკური კრიზისი. პარლამენტში შესვლა არ განიხილება, თუ არ იარსებებს პოლიტიკური შეთანხმება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია კონსტრუქციულად არის განწყობილი, მაგრამ ქვეყნისთვის ახალი არჩევნები არის აუცილებლობა, რადგან პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს.
„ვადებთან დაკავშირებით და სხვა ტექნიკურ დეტალებში შესვლას აზრი არ აქვს, რადგან მთავარია, პრინციპულად შევთანხმდეთ, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ეს არის. დანარჩენ თემებზე მსჯელობა, მუშაობა შესაძლებელია, მაგრამ ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ. სხვა შემთხვევაში, ოპოზიცია პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და ეს არ არის ოპოზიციის არჩევანი, ეს არის იძულებითი ნაბიჯი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოსახლეობაში არჩევნების მიმართ ნდობა დავაბრუნოთ. დიპლომატები ჩვენს პოზიციებს ყურადღებით უსმენენ. ჩვენი მეგობრები რომ მოგვიწოდებენ ოპოზიცია საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობდეს, ეს არის ბუნებრივი, გასაგები პოზიცია. რაც ქვეყანაშია, მათთვის ეს არის პრობლემა და სწორედ ამიტომ არიან ჩართული მოლაპარაკებების პროცესში. ის, რომ მათ უნდათ, ნახონ პარლამენტში მომუშავე ოპოზიცია, ეს არის მათი სურვილი და მათი მოწოდებებიც ამ სურვილის გაგრძელებაა. ისინი ცდილობენ შეთანხმება მოხდეს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათთვის ოპოზიციის მოთხოვნებიც არ არის ისეთი, რომელთა გათვალისწინება „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია.
მისივე თქმით, ჯერ ცნობილი არ არის როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.