ბადრი ჯაფარიძე - ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი, ნიკა მელიას პოზიცია ალბათ მედიატორმა უნდა განიხილოს
ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი, ნიკა მელიას პოზიცია ალბათ მედიატორმა უნდა განიხილოს, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ჯაფარიძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, თუ ნიკა მელიას პოზიციას მედიატორი გაიზიარებს, თავადაც მხარს დაუჭერენ მის წინადადებას.
„ჩვენ არ შეგვიძლია შარლ მიშელის დოკუმენტის გათხოვნა. ეს არის ბატონი მელიას პოზიცია, რომელიც ალბათ მედიატორმა უნდა განიხილოს, დაველოდოთ. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამნისტიის კანონი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეეხებათ ჯალათებს. ასეთი განზრახვა არავის არ აქვს. „ქართული ოცნების“ მხრიდან თუ იქნება ისეთი მცდელობა, რომელიც ღიად დატოვებს კარს ჯალათების შესაძლო ამნისტირებაზე, ჩვენ ასეთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ, ეს არის გამორიცხული. ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით და მხარს დავუჭერთ ნიკა მელიას ამ წინადადებას, რადგან ამ შეთანხმებაში როცა შევედით, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ერთი უნდა გათავისუფლდეს ხვალ, როდესაც ჩვენ შევალთ პარლამენტში, მეორე პილიტპატიმრის ნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ის ამბობს, რომ მზადაა, დაეთანხმოს ევროკავშირიდან გირავნობას და მოითხოვს ამნისტიის შესახებ კანონის ამოღებას და ამას გაიზიარებს მედიატორი, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ. უბრალოდ, ამით მსჯავრი არ მოეხსენება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მიმართავს ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. მელია მათ მოუწოდებს, „არ მიიღონ მონაწილეობა ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ჰქვია“.
ამასთან, ნიკა მელია სთხოვს ოპოზიციას და მიმართავს დოკუმენტზე ხელმომწერ „ქართულ ოცნებასაც“, გაითხოვონ ამნისტიის საკითხი და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, იღებს სრულ პასუხისმგებლობას, დათანმხდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს