ბადრი ჯაფარიძე - ოლივერ ვარჰეის მეტნაკლებად პოზიტიური შეფასება არ არის ევროკომისიისა და ევროკავშირის პოზიციის გამოხატვა
ბადრი ჯაფარიძე - ოლივერ ვარჰეის მეტნაკლებად პოზიტიური შეფასება არ არის ევროკომისიისა და ევროკავშირის პოზიციის გამოხატვა

ოლივერ ვარჰეის მეტნაკლებად პოზიტიური შეფასება არ არის ევროკომისიისა და ევროკავშირის პოზიციის გამოხატვა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურ ვითარებაზე ოლივერ ვარჰეის მეტნაკლებად პოზიტიური შეფასება არის ჯერ ერთი, დიპლომატიური განცხადება და მეორე, გარკვეული კრედიტი მმართველი ძალის მიმართ, მაგრამ ეს არ არის ევროკომისიის და ევროკავშირის პოზიციის გამოხატვა. ბატონი ვარჰეი წარმოადგენს კონკრეტულად უნგრეთს, არის ორბანის პარტიის წარმომადგენელი და მართებული არ იქნება ოლივერ ვარჰეის შეფასების განზოგადება, რომ ზოგადად ეს იქნება ევროკომისიის შეფასება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ დაინტერესებული არ არის ევრორეკომენდაციების შესრულებით.

„ყველა მიმართულებით, ყველა რეკომენდაციასთან მიმართებით ჩვენ შევთავაზეთ ისეთი ალტერნატივა, რომელიც სრულად პასუხობს ჩვენი ევროპელი მეგობრების მოთხოვნებს, ევროკავშირის მოთხოვნებს და მათი მიღება, აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვამბობ, ნიშნავს ამ რეკომენდაციების შესრულებას. „ქართული ოცნება“ ცდილობს, ფორმალურად მიიღოს ესა თუ ის კანონმდებლობა, მაგრამ ამ კანონების მიღება არ ნიშნავს რეკომენდაციების შესრულებას. რეკომენდაციების შესრულება გულისხმობს რეფორმების განხორციელებას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა მოტივაცია აქვს „ქართულ ოცნებას“ რომ ძალაუფლება საკუთარი ნებით დათმოს, რასაც მმართველი პარტიისგან ოპოზიცია ითხოვს, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს უნდა გააკეთოს, რადგან დემოკრატია სწორედ ამ პრინციპზე დგას.

„ვხედავთ, რომ არ აკეთებენ და ამაშია საქმე. ამიტომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. იმიტომ, რომ ნებისმიერი შემდგომი ხელისუფლება, რომელიც მოვა, აუცილებლად იქნება კოალიციური. ეს გარდაუვალია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ „დეოლოგარქიზაციის შესახებ“ კანონის შემოღებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, შექმნას ინსტრუმენტი პოლიტიკური დევნისთვის.

„შენ თუ ევროკავშირი გთხოვს, რომ გარკვეული რეკომენდაცია განახორციელო, მე გავალებ გარკვეული რეკომენდაციის განხორციელებას, ვის უნდა ჰკითხო პირველ რიგში, როგორ უნდა განვახორციელო ეს რეკომენდაცია? ცხადია, იმ მხარეს, რომელიც გთხოვს. ამ შემთხვევაში ევროკავშირს უნდა მიმართო, მაგრამ საქმე სწორედ ამაშია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს ამის გაკეთება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეკითხვაზე, არის თუ არა ის ოპტიმისტურად განწყობილი კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ოპტიმიზმის საფუძველი არ აქვს, რადგან მმართველ პარტიას არ სურს რეკომენდაციების შესრულება და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც საქართველოს ევროკომისიამ დაუწესა.