ბადრი ჯაფარიძე - ნიკა მელია მიმალვას არ აპირებს, არსებობს აღკვეთის სხვა ღონისძიებები, რომელიც არ გულისხმობს გირავნობას, მაგალითად, ქვეყნის დატოვების შეზღუდვა
ძალიან სამწუხარო იქნება, თუ „ქართული ოცნება“ არ გადადგამს ნაბიჯს, რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ გათავისუფლებული ვნახოთ. პროკურატურას აქვს უამრავი ინსტრუმენტი, რათა ეს პრობლემა გადაიჭრას დაუყოვნებლივ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელიას არ აქვს იმის განცდა, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა.
„ნიკა მელიას მოვუყევი ჩვენი მოლაპარაკებების შესახებ, იმ საუბრების შესახებ, რომელიც გვქონდა ბოლო დღეებში, დღევანდელი შეხვედრის შესახებ, რომელიც გვქონდა ბატონ შარლ მიშელთან. ის არის მხნედ. მას არ აქვს იმის განცდა, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა, რადგან, ვიდრე ნიკა მელია არ გათავისუფლდება, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე საუბარი არის ნაადრევი. ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ მოიძებნოს გამოსავალი ამ ვითარებიდან. ეს ვერ მოხდება მორალური პრინციპების მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე. არსებობს ბევრი სამართლებრივი ინსტრუმენტი ისეთი, რომ ადამიანისგან არ მოითხოვდეს მორალურ კომპრომისს. შესაბამისად, ახლა ყველა ჩვენგანის საზრუნავი, ყველა იმ მხარის და პოლიტიკური ფიგურის, ვინც ჩართულია ამ პროცესში, არის ის, რომ რომ მოიძებნოს გამოსავალი, რათა ნიკა მელია იყოს გათავისუფლებული დაუყოვნებლივ, რადგან ეს სჭირდება ვითარების დეესკალაციას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, გირაოს გადახდის მოთხოვნა არ არის გამოსავლის შეთავაზება.
„ნიკა მელია მიიჩნევს გირაოს გადახდას უკანონოდ. შესაბამისად, მან აირჩია პატიმრობა იმის ნაცვლად, რომ უკანონობის სამსახურში ჩამდგარიყო.
ძალიან სამწუხარო იქნება, თუ „ქართული ოცნება“ არ გადადგამს იმ ნაბიჯს, რომ ჩვენ ვნახოთ ნიკა მელია დაუყოვნებლივ გათავისუფლებული. პროკურატურას აქვს უამრავი ინსტრუმენტი, რათა ეს პრობლემა გადაიჭრას დაუყოვნებლივ. აღკვეთის ღონისძიების შეცვლა შეიძლება. არსებობს სხვა აღკვეთის ღონისძიებები, რომელიც არ გულისხმობს გირავნობას, მაგალითად, ქვეყნის დატოვების შეზღუდვა, პირობითად ვამბობ. არსად არ აპირებს ნიკა მელია მიმალვას.
ჩვენ დაჩქარებულად დავიწყებთ მუშაობას ამნისტიის შესახებ კანონზე, რომელიც უნდა შეეხოს დემონსტრაციაში მონაწილე ადამიანებს და არ უნდა შეეხოს ისეთი ტიპის დანაშაულებს, რომელიც არის სხეულის განზრახ დაზიანება, უკანონო ბრძანების გაცემა, ამას არ უნდა შეეხოს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, აპირებს მისვლას ორბელიანის სასახლეში, სადილზე, სადაც შარლ მიშელს ნიკა მელიასთან შეხვედრის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
„ქართული ოცნების“ ხელში, პროკურატურის ხელშია ახლა გასაღები. მინდა მივასწრო, ვიდრე ბატონი შარლ მიშელი იმყოფება შეხვედრაზე. მინდა, მოვუყვე ამ შეხვედრის შესახებ. ნიკა მელია დიდ მადლობას უხდის მას მისი ძალისხმევისთვის, ასევე მადლობას უხდის ელჩებს. ეს მინდა, პირადად გადავცე მათ და მათთან ერთად განვიხილო, რა შეიძლება იყოს შემდგომი ნაბიჯები, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ნიკა მელია.
კანონპროექტზე მუშაობას დავიწყებთ. ხვალიდანვე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მუშაობს. ვერ დაველოდებით ამნისტიის შესახებ კანონს. ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ. ეს ვითარების განმუხტვას სჭირდება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.