ბადრი ჯაფარიძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ელექტორატისთვის ბრძოლა უნდა გააგრძელოს ცალკე, პროევროპული სხვა პარტიები უნდა შევეცადოთ, შევქმნათ ერთობა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ელექტორატისთვის ბრძოლა უნდა გააგრძელოს ცალკე, დამოუკიდებლად, სხვა პროევროპული პარტიები უნდა შევეცადოთ, შევქმნათ ისეთი ერთობა, რომელიც შეძლებს, გაარღვიოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათი ამოცანაა, ისეთი პროევროპული ერთიანობის შექმნას შეუწყონ ხელი, სადაც გვერდზე გაწევენ პირად პოლიტიკურ ამბიციებს.
„ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ „ლელო“ გახდეს მიზიდულობის ცენტრი, არამედ ხელი შეუწყოს პროდასავლური პარტიების და პოლიტიკოსების კონსოლიდაციას. ეს მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ძალიან ფაქიზი პროცესია, აქედან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენი ამოცანაა, ისეთი პროევროპული ერთიანობის შექმნას შევუწყოთ ხელი, სადაც გაერთიანებული იქნებიან თანაბარუფლებიანი, თანასწორი პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები, სადაც შევძლებთ ევროპული იდეის ირგვლივ გაერთიანდეთ, გვერდზე გადავწიოთ პოლიტიკური პირადი ამბიციები და ყველაფერი დავუქვემდებაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ქვეყნის ევროპულ, ევროატლანტიკურ პერსპექტივას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, მათ ერთობაში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, არ იგულისმებიან რიგი პარტიები, რომელთაც არ სურთ ასეთ ერთობაში მონაწილეობა.
„ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი ხელს აძლევს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და ის უნდა შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ელექტორატისთვის ბრძოლა უნდა გააგრძელოს ცალკე, დამოუკიდებლად. პროევროპული სხვა პარტიები უნდა შევეცადოთ, შევქმნათ ისეთი ერთობა, რომელიც შეძლებს, გაარღვიოს ეს პოლიტიკური ველი, კონტრპროდუქტიული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი. აქედან გამომდინარე, ეს ერთობა არ გულისხმობს „ნაციონალურ მოძრაობას“, რიგ პარტიებს, რომელთაც არ სურთ ასეთ ერთობაში მონაწილეობა. დანარჩენ ყველა შესაძლო პარტნიორთან მიმდინარეობს ან დაიწყება მოლაპარაკება“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.