ბადრი ჯაფარიძე - მზად ვართ, გავემიჯნოთ პროექტებს, რომელშიც წამყვან როლს ვთამაშობდით, რათა დავიცვათ ეს პროექტები
არ ვეთანხმებით გირაოს, რომელიც მოითხოვა პროკურატურამ, რადგან მიგვაჩნია სრულიად შეუსაბამოდ და არაადეკვატურად იმიტომ, რომ საუბარია 11 წლის წინანდელ ტრანზაქციებზე, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ფულის გათეთრებასთან, რადგან თეთრი ფულის სესხის არ შეიძლება ჩაითვალოს გათეთრებად, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მათი ყველაზე ძლიერი იარაღი არის სიმართლე და სრული გამჭვირვალობა.
„ჩვენ სრული გამჭვირვალობით უნდა მოვაღწიოთ იმას, რომ არ მოხდეს ფაქტების რაიმე გზით მანიპულირება. ჩვენთვის მთავარია, რომ მთელ ამ პროცესში საზოგადოება იყოს სრულად ჩართული, ყველამ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის მომავალზე. ეს არ არის მხოლოდ ჩემი და მამუკას სახელის დაცვა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლის დაცვა, ჩვენ ამაში დარწმუნებულები ვართ. მზად ვართ, დავიცვათ ეს მომავალი. რაც შეეხება პროექტებს, რომელშიც ჩვენ ვთამაშობდით წამყვან როლს, მზად ვართ, გავემიჯნოთ, რადგან დავიცვათ ეს პროექტები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გუშინ განვაცხადეთ, რომ გადადგომის შესახებ, კომპანიების აქციების ვარდა ჯერ კიდევ არ ჩერდება, რადგან ეს არ არის მხოლოდ მამუკა და ბადრი, აქ საუბარია, რომ ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ წარმატების სიმბოლოს ამ ქვეყანაში, მათზე ხორციელდება იერიში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.