შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის დგას ქართველი ხალხის გვერდით და სწორედ ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად განხორციელდა სანქციების პირველი ტალღა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ათეულობით წარმომადგენლის მიმართ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჯაფარიძის თქმით, ამ ადამიანებს სანქციები დაუწესდათ იმის გამო, რომ მათ უღალატეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და იმოქმედეს არა ქართველი ხალხის, არამედ რუსეთის ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე.
„მათ მიიღეს კანონი, რომელიც ქვეყანას დასავლური სამყაროსგან იზოლაციაში აქცევს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის 80 პროცენტის ნებას, რადგან გამორიცხავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას. ეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის დისკრიმინაციისკენ მიმართული კანონი და არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, ამ კანონის ინიციატორებმა და პოლიციის იმ მაღალჩინოსნებმა, რომელთა მითითებითაც სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს, პასუხი უნდა აგონ და ამიტომაც დაუწესდათ მათ სანქციები. მთავარი გამარჯვება გველის წინ, 26 ოქტომბერს“, – წერს ჯაფარიძე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადა. მისივე თქმით, პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს.