ბადრი ჯაფარიძე - მიგვაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე წევრებთან დაკავშირებული პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, არამოსამართლე წევრებთან დაკავშირებული პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ვენეციის კომისიისა და შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, რადგან იქ პირდაპირ წერია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება არის აუცილებელი, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პროცესში სამოქალაქო სექტორი ფართოდ უნდა ჩართონ.
„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სასამართლოს რეფორმირების გზაზე, ამიტომ პროცესი უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად და ამ პროცესში სამოქალაქო სექტორი ფართოდ უნდა ჩავრთოთ, რომ პროცესს ნდობა დაუბრუნოს. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, მისი ხაზი გაატაროს, მათ შორის არამოსამართლე წევრების არჩევის მიმართულებით, ეს დიდ ზიანს მიაყენებს პროცესს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.