ბადრი ჯაფარიძე - მემორანდუმში ასახულია იმ ოთხპუნქტიანი მოთხოვნების ნაწილი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მივაწოდეთ და რომელზეც მეტნაკლებად შევთანხმდით
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ და „მოქალაქეების“ მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში ასახულია ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის წარდგენილი ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილი.
მისივე თქმით, ეს მემორანდუმი ოპოზიციის და „ქართული ოცნების“ მოლაპარაკებების ასახვაა.
„მემორანდუმი, რომელიც გავრცელდა, არის იმ მოლაპარაკებების ასახვა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებდით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან. ეს არის იმ ტექსტის ნაწილი, რომელიც განვიხილეთ მოლაპარაკებების დროს, ნაწილია იმ ოთხპუნქტიანი მოთხოვნების, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ „ქართულ ოცნებას“, რომელიც განიხილებოდა აქტიურად და
მეტნაკლებად ასახავს იმ ნაწილს, რომელზეც მეტნაკლებად შეთანხმება იქნა მიღწეული. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ ეს არის ნაწილი იმ პაკეტური შეთანხმების, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. ამიტომ ეს არის ნაწილი, რაც საკმარისი არ არის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ და „მოქალაქეებმა“ მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. აღნიშნულ საკითხზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.