ბადრი ჯაფარიძე - „ლელო საქართველოსთვის“ მხარს უჭერს ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას, რომელიც იქნება არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული
„ლელო საქართველოსთვის“ მხარს უჭერს ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას, რომელიც იქნება არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია მიიჩნევს, რომ ევროკომისიის მიერ დასახელებული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება წარმოადგენს მთავარ ამოცანას და არის ზეპარტიული მნიშვნელობის.
„ეს უნიკალური შანსი უნდა იყოს გამოყენებული წლის ბოლომდე. გამომდინარე აქედან, „ლელო საქართველოსთვის“ მხარს უჭერს საერთო სახალხო მოძრაობის მიერ გამოცხადებულ მანიფესტს და იმ მოთხოვნებს, რომელიც იქ არის დასახელებული. კერძოდ, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც იქნება არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული. ეს პირდაპირ პასუხობს ევროკომისიის ლიდერების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ საქართველოში უნდა მოხდეს პოლიტიკური გაერთიანება და დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია. მთავრობისთვის მთავარი პრიორიტეტი იქნებ 12-პუნქტიანი რეკომენდაციის განხორციელება, მთავრობამ უნდა მოამზადოს სამართლიანი საარჩევნო გარემო და შემდგომში უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეროვნული თანხმობა ნიშნავს იმას, რომ ამ მთავრობას უნდა დაეთანხმოს „ქართული ოცნებაც“. ეს ვერ იქნება ცალმხრივი პრინციპით დაკომპლექტებული. რამდენად რეალურია, „ქართული ოცნება“ რომ მხარს დაუჭერს პროცესს, დაველოდოთ. ეს არის აუცილებელი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.