ბადრი ჯაფარიძე - „ლელო“ იდგება იქ, სადაც მისი ადგილია, ეს არის ალტერნატივა საზოგადოებისთვის
„ლელო“ იდგება იქ, სადაც მისი ადგილია, ეს არის ალტერნატივა საზოგადოებისთვის. ოპოზიციას საზოგადოებისთვის ფართო შეთავაზება უნდა ჰქონდეს, რაც არჩევნებზე გამარჯვების გასაღებია, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ მერობის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ლელო“ ოპოზიციასთან კონსულტაციებს გამართავს.
„ლელო“ იდგება იქ, სადაც მისი ადგილია, ეს არის ალტერნატივა საზოგადოებისთვის. საზოგადოებას ოპოზიციურ სპექტრში ფართო არჩევანი სჭირდება, არ სჭირდება ყველა გაერთიანებულ რაღაც ხელოვნურ ერთობაში. საზოგადოებას ისეთი ოპოზიცია სჭირდება, რომელსაც შეუძლია, ფართო სპექტრი შესთავაზოს. ყველანი განსხვავებული ვართ. დიდი შეცდომაა, როდესაც ხდება განსხვავებულების შეერთება და წარმოჩენა, რომ ეს არის ერთი.
ჩვენ ისე ვიმოქმედებთ, რომ ოპოზიციურმა ძალებმა რაღაც ხელოვნური ერთეული კი არ შეკრან, არამედ ერთმანეთი შეავსონ. აუცილებელია, საზოგადოების დაკვეთა გავითვალისწინოთ, ეს დაკვეთაა ოპოზიციამ „ქართული ოცნება“დაამარცხოს და ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს, მაგრამ ეს გულისხმობს იმას, რომ საზოგადოებისთვის ოპოზიციას ფართო შეთავაზება უნდა ჰქონდეს, ეს არის გამარჯვების გასაღები. ჩვენ ოპოზიციასთან კონსულტაციები გვექნება. კოორდინაცია აუცილებელია. ოპოზიციის საერთო ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 43 პროცენტი ვერ აიღოს და რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნოს, რაზეც „ლელ“ მთელ ძალისხმევას გაიღებს“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.