ბადრი ჯაფარიძე - „ლელო“ ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებას დამოუკიდებლად იწყებს
მზად ვართ, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების კანონპროექტის ჩვენი ვერსიის ინიცირებისთვის, რომელიც სრულად ასახავს შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ ცვლილებებს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
ჯაფარიძემ სამომავლო გეგმებზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ რიგი ინიციატივები აქვთ, რასაც საზოგადოებას გააცნობენ.
„ასევე გვაქვს რიგი ინიციატივები, რომლებსაც აუცილებლად გავასაჯაროებთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, საკითხზე საუბრისას ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ „ლელო“ არჩევნებისთვის დამოუკიდებლად იწყებს მზადებას.
„ლელო“ ახლა, ამ ეტაპზე დამოუკიდებლად იწყებს მზადებას ადგილობრივი არჩევნებისთვის. ვიწყებთ რაიონული პარტიული კონფერენციების ჩატარებას, რეგიონალური სტრუქტურების გაძლიერებას, ასევე ჩვენი წევრების ბაზის გაძლიერებას, რაოდენობის გაზრდას. ასე რომ, ადგილობრივი არჩევნებისთვის ბევრი სამუშაო გვაქვს. თუმცა რა თქმა უნდა, ოპოზიციური კოორდინაცია იქნება, მაგრამ „ლელო“ არის აბსოლუტურად მოტივირებული, რომ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიოს ამ ადგილობრივ არჩევნებზე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე: „ხომ არ გეყოლებათ დამოუკიდებელი კანდიდატები, იგივე თბილისის მერობის კანდიდატი“, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალსი იმსჯელებენ.
„კანდიდატებზე არ გვიმსჯელია, თუმცა „ლელო“ ემზადება დამოუკიდებლად. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს თავისი სამოქმედი გეგმა. შესაბამისად, ჩვენი გეგმის მიხედვით ვვითარდებით. ძალიან მალე გვექნება მსჯელობა, თუ ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი, როგორ ვაპირებთ, წარვდგეთ დიდ ქალაქებში, როგორი ტიპის კოორდინაცია წარმოგვიდგენია ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან. ამაზე ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებებს გავასაჯაროებთ“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.