ბადრი ჯაფარიძე - ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ საშუალება, გამოიწვიოს ოპოზიციური პარტიები რადიკალურ ნაბიჯებზე და ამ საბაბით ჩაშალოს შეთანხმება
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი, საარჩევნო სისტემის შეცვლა და პატიმრების გათავისუფლება, უკიდურესად მნიშვნელოვანია.
როგორც ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, ოპოზიციამ ხელისუფლებას არ უნდა მისცეს საშუალება, რომ გამოიწვიოს ოპოზიციური პარტიები რადიკალურ ნაბიჯებზე,
„დღეს ვიკრიბებით, რათა მივიღოთ საერთო განცხადება, რომლის სულისკვეთება არის ის, რომ ორივე შეთანხმება უნდა იყოს შესრულებული ხელისუფლების მიერ. იგულისხმება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ასევე პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლება საპატიმროდან. ჩვენ, დღეს ამ განცხადებაზე შევჯერდებით, რა თქმა უნდა, უკიდურესად მნიშვნელოვანია რომ ორივე შეთანხმება არის იყოს შესრულებული, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვექნება მშვიდი, ნორმალური საარჩევნო გარემო. ჩვენ არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, რომ გამოიწვიოს ოპოზიციური პარტიები რამე რადიკალურ ნაბიჯებზე, რათა მერე ამ საბაბით ჩაშალოს ის შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული ამდენი ძალისხმევის შემდეგ და ჩვენი მეგობრების დიდი ჩართულობით“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.