ბადრი ჯაფარიძე - ხაშურს და მის პატარ-პატარა სოფლებს ფეხზე დავაყენებთ, ეს რეგიონი უნდა გადავაქციოთ საქართველოს გულად
„ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ხაშურში რეგიონული ოფისის გახსნისას მოსახლეობის წინაშე გამოვიდა და მათ ხაშურის პოტენციალსა და შესაძლებლობებზე ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ლელოს“ ლიდერის თქმით, რეგიონი მოკლებულია ზრუნვას და ყურადღებას. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, აუცილებელია ხაშურის მოსახლეობისთვის იმ იმედის და მომავლის დაბრუნება, რომელიც წაართვეს.
„ლელო“ მოვიდა იმისთვის, რომ შეცვალოს დაჭაობებული რეალობა, სადაც ადამიანებმა დაკარგეს იმედი, დაეუფლათ ნიჰილიზმი და აღარ სჯერათ გაცემული დაპირებების. ჩვენ გვინდა, ეს შევცვალოთ, მოვიტანოთ იმედი, მოვიტანოთ იმის რწმენა, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია ამ კრიტიკული ვითარების კეთილდღეობით შეცვლა. თქვენი, ხაშურელების მონაწილეობით, ჩვენ ამას შევცვლით. თითოეულ თქვენგანს აქვს განუზომელი მნიშვნელობა ქვეყნის განახლების გზაზე და ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენი შვილებისთვის, არაჩვეულებრივი თაობისათვის, რომელმაც უნდა იცხოვროს წელგამართულ საქართველოში, სადაც ქართველობა არის სიამაყე,”-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, ხაშურმა უნდა გამოიყენოს ის პოტენციალი, რომელიც ქალაქშია, რომელიც რაიონის მცხოვრებლებშია.
„ხაშურლებისგან ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ მხარდაჭერას და ჩვენ ეს უნდა გადავაქციოთ „ლელოს“ გამარჯვებად. ჩვენ ეს რეგიონი უნდა გადავაქციოთ საქართველოს გულად. ხაშურის რაიონში 70-ზე მეტი სოფელი და 100 ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ეს არის რაიონი, რომელიც ყველამ ვიცით ჩვენი ბავშვობიდან – ქვიშხეთი, სურამი, ნაბახტევი, წრომი განუმეორებელი ხვისი და ხაშური ამ სალამაზის ცენტრი.
სამწუხაროდ, ამ წლებმა მოიტანა გაჭირვება და ადამიანები მხოლოდ ყოველდღიური გადარჩენის რეჟიმში ცხოვრობენ. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ და მოვახერხოთ, რომ ხაშური ღირსეულად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ხაშურს უნდა ჰქონდეს თავისი სახე,”-განაცხადა ჯაფარიძემ.
ინფორმაციას პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.