ბადრი ჯაფარიძე - კახა კალაძის განცხადება მაძლევს იმედს, რომ ვნახავთ კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ერთად გამოვიდეთ ღრმა კრიზისიდან
დღეს ჩვენ ვნახეთ კახა კალაძის განსხვავებული განცხადება, რაც მე იმედს მაძლევს, რომ ჩვენ ვნახავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს ერთად გამოვიდეთ ამ ღრმა კრიზისიდან, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძე განაცხადა.
„იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ გააცნობიერებს და სერიოზულად მოეპყრობა იმ ნებას, რომელსაც გამოვხატავთ ჩვენ, ის პარტიები, რომლებმაც მივიღეთ ამ გაყალბებული არჩევნების საფუძველზეც კი ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციური პარტიების მიმართ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება შეიცვლება.
„ამის იმედი მომცა დღევანელი საღამოს კახა კალაძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც შეიცავდა კონსტრუქციულ ელემენტებს, ნაცვლად მისი კოლოგების, მისი პარტიის სხვა წარმომადგენლების განცხადებებისა, რომელიც ყოველთვის იყო მიმართული ოპოზიციის შეურაცხყოფისა და დაპირისპირების გაზრდისკენ. ჩვენ ვნახეთ განსხვავებული განცხადება, რაც მე იმედს მაძლევს, რომ ჩვენ ვნახავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ერთად გამოვიდეთ ამ ღრმა კრიზისისგან“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს განცხადება გაავრცელა. მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, სცადონ პოლარიზაციის დასრულება და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაში გაერთიანება. „ხალხის დაკვეთაა, პარლამენტის რიგებიდან ერთად შევეჭიდოთ გამოწვევებს, იქნებ ვცადოთ და ერთმანეთის კრიტიკის პარალელურად, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაში გაერთიანებაც შევძლოთ“, – აღნიშნა კალაძემ.