ბადრი ჯაფარიძე - იმედი გვაქვს, მაღალი დონის ჩართულობა მოლაპარაკების პროცესში აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგს
დარწმუნებული ვართ, რომ მზაობის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მხრიდან შეგვიძლია, ძალიან სწრაფად მივაღწიოთ იმ შეთანხმებას, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისათვის, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიებისა და შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ „მაღალი დონის ჩართულობა მოლაპარაკების პროცესში აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგს“.
„რა თქმა უნდა, მოლაპარაკების რესურსი არსებობს. დარწმუნებული ვართ, რომ მზაობის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მხრიდან შეგვიძლია, ძალიან სწრაფად მივაღწიოთ იმ შეთანხმებას, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ ისეთი მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, აუცილებელია გამბედავი ნაბიჯები, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხრიდან. რაც შეეხება „ლელო საქართველოსთვის“, ჩვენ მზად ვართ, და ვიყავით ყოველთვის, კომპრომისისთვის, რომელიც შედის ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებში და ცხადია, რომ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ასეთი მაღალი დონის ჩართულობა მოლაპარაკების პროცესში აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგს.
საზოგადოდ მოლაპარაკებებში წითელი ხაზების დაწესება კონტრპროდუქტიულია. შესაბამისად, ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები და ისეთ შეთანხმებას მივაღწიოთ, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებში და იქნება ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.