ბადრი ჯაფარიძე - გვსურდა, პროცესი ისე წარმართულიყო, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, კონსენსუსის საფუძველზე ყოფილიყო შერჩეული
ბადრი ჯაფარიძე - გვსურდა, პროცესი ისე წარმართულიყო, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, კონსენსუსის საფუძველზე ყოფილიყო შერჩეული

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, არამედ კონსენსუსის საფუძველზე უნდა ყოფილიყო შერჩეული.

„წინა კენჭისყრაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის წინააღმდეგ მივეცით ხმა, მაგრამ ეს არაფერ შუაშია იმასთან, როგორც „ქართული ოცნება“ ცდილობს ვითარების წარმოჩენას – ვინაიდან გიორგი კალანდარიშვილი საჯარო მოხელეა, მის წინააღმდეგ ამის გამო ვაძლევთ ხმას. ასე არ არის, ჩვენ გვსურდა, პროცესი ისე წარმართულიყო, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატი ყოფილიყო კონსენსუსის საფუძველზე მიღებული და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით. საჯარო სამსახურში ბევრი კეთილსინდიესიერი თანამშრომელია, რომელთაც უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ის კონსენსუსის საფუძველზე შერჩეულიყო“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ცესკო-ს წევრობის კანდიდატებს, ჯაფარიძის თქმით, არსებობენ კანდიდატები, რომლებსაც სამოქალაქო სექტორმა მხარი დაუჭირა და თავადაც ამ კანდიდატებს უჭერენ მხარს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატებს მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოებრივი და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა ჰქონდეთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო სექტორის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს დღეს კიდევ ერთხელ უყრის კენჭს.

საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები ორჯერ ჩავარდა.

საჭირო 100 ხმის ორჯერ ვერ მოგროვების შემდეგ, კანდიდატებს კიდევ ერთხელ უყრიან კენჭს და ამჯერად უკვე 100-ის ნაცვლად 90 ხმაც საკმარისი იქნება. თუ ეს რაოდენობა ვერც მესამე მცდელობის დროს შეგროვდება, მაშინ ცესკო-ს თავმჯდომარეს უმრავლესობით, ანუ 76 ხმით, მაგრამ ხუთი წლის ნაცვლად ექვსი თვით დაამტკიცებენ.