ბადრი ჯაფარიძე - გიორგი გახარიას მიკიბულ-მოკიბული პასუხი ადასტურებს იმას, რომ ცდილობს, პასუხისმგებლობას გაექცეს, ჩვენ წერილი გახარიას გავლით გადმოგვეცა
გიორგი გახარიას მიკიბულ-მოკიბული პასუხი ადასტურებს იმას, რომ ცდილობს, პასუხისმგებლობას გაექცეს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე გახარიამ უსუსური კომენტარი გააკეთა.
„ეს არის უსუსური კომენტარი. გიორგი გახარია ცდილობს, პასუხისმგებლობას გაექცეს. მისი მიკიბულ-მოკიბული პასუხი ადასტურებს იმას, რომ ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას და საზოგადოებას არ უთხრას სიმართლე, კერძოდ ის, თუ რა კავშირი ჰქონდა წერილთან. ჩვენ წერილი გახარიას გავლით გადმოგვეცა. დეტალებს უნდა ადგენდეს პროკურატურა და ეს არ არის საჯარო განხილვის საგანი, მაგრამ საჯაროდ გადმოგვეცა გიორგი გახარიას მიერ, რომელიც იმ დროს შს მინისტრი იყო“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
პირველი არხის შეკითხვაზე, გასაჯაროებული წერილის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, რატომ უნდა მოეთხოვა გახარიას ტელეკომოანია „არტარეას“ ობიექტურობა, ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა, რომ ეს კითხვა თავადაც გაუჩნდა და პასუხი „არტარეას” დირექტორისგან მიიღო.
„გამიჩნდა კითხვა და მივედი „არტარეას“ დირექტორთან, ვკითხე რას აჩვენებთ ასეთს, რომ ასე წერენ-მეთქი. მერე გავაანალიზეთ და აღმოჩნდა, რომ იქ გამოდიან კრიტიკულად განწყობილი მწერლები და ალბათ, ამ მწერლების კრიტიკა აღიზიანებდა მას, ვინც ეს წერილი შეთხზა. „მაგდანას ლურჯას“ ყურებით არ გაღიზიანდებოდა, ხომ?!“, – განაცხდა ბადრი ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის განცხადებით, მუქარის ავტორებმა მას და მამუკა ხაზარაძეს რეპუტაცია ვერ შეულახეს.
„მესამე პუნქტში ეწერა: „დავიწყებთ თქვენს გაშავებას და თქვენ შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს შევატყობინებთ ყველაფერს“. ეს შეასრულეს, უბრალოდ არაფერი გამოუვიდათ, რეპუტაცია ვერ შეგვილახეს. მესამე პუნქტში ეწერა: „თუ ამას არ გააკეთებთ, ჩვენ მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ, რომ თქვენ რაღაცა ჩაიდინეთ. ეს მუქარა აგვისრულეს, მაგრამ არავინ არ დაიჯერა მათი ეს კამპანია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა.
პროკურატურამ გუშინ გაავრცელა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, მამუკა ხაზარაძის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას.