ბადრი ჯაფარიძე - განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმებზე დგომა ურთიერთობაში ხელს არ უნდა გვიშლიდეს, პოლიტიკოსებთან შეხვედრებს გავაგრძელებ
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ირმა ინაშვილთან შეხვედრისას ძირითადად ისაუბრეს, თუ როგორ შეუწყვიტა პარლამენტმა ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება.
მისივე თქმით, საქართველოში უნდა დასრულდეს პრაქტიკა, როდესაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებს შორის კომუნიკაცია არ უნდა იყოს.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, ეს ფაქტორი ურთიერთობაში ხელის შემშლელი არ უნდა იყოს.
„ირმა ინაშვილს გუშინ შევხვდი, ისევე როგორც ვხვდები ძალიან ბევრ პოლიტიკოსს. ირმა ინაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ. როგორ შეიძლება, კონსპირაციული შეხვედრა დღისით, მზისით ჩაატარო პარლამენტთან, კაფეში, ასეთი კონსპირაცია მე არ მესმის. არავისთან დასამალი არაფერი ყოფილა, ისევე როგორც, სხვა პოლიტიკოსებსაც შევხვდები, გავცვლით ჩვენს აზრებს. ირმას მოვუყევი იმასთან დაკავშირებით, როგორ მოიქცა „ქართული ოცნება“ ჩემთან მიმართებით. ის, რომ ჩვენ განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმებზე ვდგავართ, ხელს არ უნდა გვიშლიდეს ურთიერთობაში. პაპუაშვილსაც შევხვედრილვარ, კობახიძესაც, ოხანაშვილსაც და კიდევ შევხვდები, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს და ჩემთვის სრულიად მიუღებელ პოლიტიკას ატარებს „ოცნება“. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ურთიერთობა არ გვქონდეს ადამიანებთან და თუ ქვეყნის ინტერესებს სჭირდება, დავუშვათ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არ გვქონდეს საუბარი. მიმაჩნია, საქართველოში უნდა დასრულდეს პრაქტიკა, როდესაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებს შორის კომუნიკაცია არ უნდა იყოს. ოპოზიციის კონსოლიდაციაზე საუბარი არ ყოფილა ირმასთან. ირმამ თავად თქვა, რომ რუსთავში კანდიდატს არ აყენებენ. მე მას მოვუყევი იმ უმსგავსო საქციელთან დაკავშირებით, როგორც მოიქცა „ოცნება“ ჩემთან მიმართებით და მას გავაცანი დეტალები ამ პოლიტიკური დევნის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
კითხვაზე: „კიდევ როდის გქონდათ ირმა ინაშვილთან მსგავსი შეხვედრა“, ჯაფარიძემ განაცხადა:
„მაგალითად, კელი დეგნანის ოფისში გვქონდა რამდენჯერმე, ასევე პარლამენტში. ბადრი ჯაფარიძეს და ირმა ინაშვილს ჰქონდა შეხვედრები იმ დროსაც, როდესაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები პარლამენტში პროცესებთან მიმართებით, როდესაც ჩვენ შეთანხმებაზე ვმუშაობდით „ოცნებასთან“. ირმასთან ასეთი ურთიერთობა მომავალშიც მექნება. რუსთავზე რაც გარეთ და საჯაროდ თქვა, იგივე თქვა ჩემთანაც. ძირითადად მიმოვიხილეთ იგივე ინაშვილთან დაკავშირებული ნაბიჯები, როდესაც მას დაფინანსება პრაქტიკულად შეუწყვიტეს იმის გამო, რომ ის ბოიკოტში მონაწილეობდა. ამავდროულად, მიმოვიხილეთ პოლიტიკური დევნა, რომელიც გრძელდება „ოცნების“ მხრიდან. მაქვს შეხვედრები პოლიტიკოსებთან, გავაგრძელებ ამასაც. ეს არანაირ კავშირში არაა რუსთავთან. შეხვედრები მექნება სხვებთანაც, პაპუაშვილთანაც, თუ მას შეუძლია, რაიმე საინტერესო იდეა გამიზიაროს ქვეყნის ინტეგრირებასთან დაკავშირებით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ამასთან, ჟურნალისტებმა ბადრი ჯაფარიძეს სთხოვეს, შეეფასებინა ირმა ინაშვილის დღევანდელი განცხადება, სადაც ამბობს: „ჩვენი გუნდი დღეს, ისევე როგორც შარშან, კვლავ საჯაროდ მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს, რათა ვიმოძრაოთ საერთო ენის გამონახვის, ურთიერთობის დათბობისკენ და არა დამღუპველი დაპირისპირებისკენ“.
„ლელო საქართველოსთვის“ პოზიცია ცალსახაა, საქართველოს ინტეგრირება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში უნდა დაჩქარდეს, რასაც ხელს უშლის „ქართული ოცნება“. სხვა პოზიციას არ ვიზიარებთ, მაგრამ ადამიანებს უფლება აქვთ, ჰქონდეთ ნებისმიერი შეხედულება. ამის გამო არ უნდა შეიძულო ადამიანი და მასთან კონტაქტი არ უნდა შეწყვიტო. ჩვენი გუშინდელი შეხვედრა ამას არ ეხებოდა. ირმას შეხედულება რუსეთთან მიმართებაში ცნობილია, რომელსაც მე არ ვიზიარებ და არანაირი თანხვედრა არ გვქონია და არ გვექნება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.