ბადრი ჯაფარიძე - ევროპარლამენტი დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიული ცვლილებებით და ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ „ოცნების“ ხელისუფლების ცვლილების გზით
ბადრი ჯაფარიძე - ევროპარლამენტი დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიული ცვლილებებით და ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ „ოცნების“ ხელისუფლების ცვლილების გზით

ბრიუსელში ხელმოწერილ დეკლარაციაში ერთიანობის ქვეშ იგულისხმება არა ყველა პარტიის გაერთიანება, არამედ ერთიანი ბრძოლა ხმების მობილიზაციისთვის, დასაცავად და კოალიციური მთავრობის შექმნა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები იღებენ ვალდებულებას, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდგომ მაქსიმალურად გაკეთდეს ყველაფერი, რათა ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს და სწრაფად შეიქმნას კოალიციური მთავრობა.

„ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ჯგუფის მიერ დაორგანიზდა ქართული ოპოზიციური პარტიების შეკრება ბრიუსელში. ამ შეკრების მიზანი იყო ევროპარლამენტარებთან ერთად განხილულიყო ის გეგმები, რაც ქართულ, დასავლურ, ეროვნულ ოპოზიციას გააჩნია არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ. ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ორდღიანი შეხვედრა შედგა, რაც დასრულდა საერთო რეზოლუციის დოკუმენტის მიღებით.

რიგი პარტიები და „ლელო“ იღებენ ვალდებულებას, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდგომ მაქსიმალურად გაკეთდეს ყველაფერი, რათა „ქართული ოცნების“ რეჟიმი არჩევნების გზით შეიცვალოს და სწრაფად შეიქმნას კოალიციური მთავრობა.

ევროპარლამენტი დაინტერესებულია, რომ საქართველოში განხორციელდეს დემოკრატიული რეფორმები, დემოკრატიული ცვლილებები იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას რაც შეიძლება სწრაფად და ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ „ოცნების“ ხელისუფლების ცვლილების გზით.

ბრიუსელში ხელმოწერილ დეკლარაციაში ერთიანობის ქვეშ იგულისხმება არა ყველა პარტიის გაერთიანება, არამედ ერთიანი, ერთობლივი ბრძოლა ხმების მობილიზაციისთვის, ხმების დასაცავად და ერთიანობა არჩევნების შემდგომ კოალიციური მთავრობის შექმნის პროცესში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ნაციონალური მოძრაობამ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“, „ახალმა“, „ლელომ“, „დროამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ბრიუსელში ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.