ბადრი ჯაფარიძე - დიდი ალბათობით, ხვალ, სამი საათისთვის გახარიას პარტიასთან დაკავშირებით შეთანხმება არ იქნება და პრეზიდენტთან შეხვედრაში ვერ ვხედავთ სარგებელს
კოალიციასა და გახარიას პარტიას შორის შეთანხმება შეიძლება შედგეს მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად. შეთანხმება თუ შედგება, შემდგომ უნდა მოხდეს პრეზიდენტთან ამ შეთანხმების წარდგენა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა სალომე ზურაბიშვილის მოწოდებასთან დაკავშირებით, რომ მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიები გაერთიანდნენ.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ მხარს დაუჭერს ორმხრივ ფორმატს და მზად არის ამ რეჟიმში განხილვისთვის.
„მივესალმებით პრეზიდენტის განცხადებას, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არის გამარჯვების ფორმულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ამავდროულად, დღეს მამუკა ხაზარაძემ ცალსახად თქვა, რომ ახლა პიროვნული პრობლემები ყველამ გვერდზე უნდა გადავწიოთ და ვიფიქროთ ქვეყნის ინტერესებზე. თუ ეს გულისხმობს და მოითხოვს იმას, რომ მოხდეს შეთანხმება კოალიციასა და გახარიას პარტიას შორის, კოალიცია მზად არის ამ განხილვისთვის. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეთანხმება უნდა მოხდეს ორმხრივი განხილვის შედეგად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შეთანხმებას აქვს შანსი, შედგეს, თუ ის იქნება ორმხრივი განხილვის რეჟიმში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეთანხმება თუ შესაძლებელია შედგეს, ის შეიძლება შედგეს მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად. თუკი შედგება, შემდგომ უნდა მოხდეს პრეზიდენტთან ამ შეთანხმების წარდგენა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
რაც შეეხება კითხვას, – „მიხვალთ თუ არა ხვალ, სამ საათზე პრეზიდენტის ადმინისტრციაში?“ – ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა: „თუ შეთანხმება არ იქნა ხვალ სამი საათისთვის, რაც, ძალიან დიდი ალბათობით, არ იქნება, მაშინ ასეთ შეხვედრაში ჩვენ ვერ ვხედავთ სარგებელს“.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება.