ბადრი ჯაფარიძე - ჩვენი დევნა გრძელდება, პროკურატურა გადაიქცა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად
გრძელდება ჩვენი დევნა, პროკურატურა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი განადგურებულია, ის გადაიქცა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ პროკურატურასთან განაცხადა.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ბრალი, რომელიც მას და მამუკა ხაზარაძეს აქვთ წაყენებული, არის აბსურდულ ცილისწამება.
„ეს ბრალი შეიძლება თავისი ცინიზმით და უზნეობით შეუდარდეს უდანაშაულო ადამიანისთვის იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებას ჯიბეში. გენერალური პროკურორი, რომელიც პასუხისმგებელია ამ ბრალის ჩვენდამი წაყენებაში, დღეს მიისწაფვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისკენ, მინდა გითხრა ის არის პირდაპირ პასუხისმგებელი ყველა იმ აბსურდულ ბრალზე, რომელიც ჩვენ წაგვიყენეს, მისი ხელდასმით ხორციელდება ეს და ამ პასუხისმგებლობას იგი ვერ გაექცევა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
კითხვაზე, ელოდება თუ არა დაპატიმრებას, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მზად არის ნებისმიერი დარტყმისთვის.
„ზოგიერთ ხელისუფლების წარმომადგენელს გაუგია სიტყვა ინდულგენცია და იყენებს ამ სიტყვას სრულიად უკონტექსტოდ და გაუგებრად, მინდა მათ ვუთხრა, რომ ინდულგენცია სულ სხვა რამეს ნიშნავს. ჩვენ არაფერზე ამოფარებას არ ვაპირებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ, შემდგომი გართულებებისთვის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალდების დაზუსტების მიზნით პროკურატურაში დღეს დაიბარეს.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, კანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. ავთანდილ წერეთელი დღეს არის დაბარებული პროკურატურაში ბრალდების დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც გენერალური პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს.