ბადრი ჯაფარიძე - ამოცანა მკაფიოა, შევქმნათ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი, ორპოლუსიანობა დაიმსხვრეს, გასაღები არის ისეთ გაერთიანებაში, სადაც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.
ჯაფარიძის თქმით, ის არ ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.
„არ ვიზიარებ ამ განცხადებას. „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნებისთვის“ შესანიშნავი სამიზნეა. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი პოლიტიკური ველი, რომელიც ორპოლუსიან ველს გულისხმობს, აბსოლუტურად ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“. ჩვენი ამოცანა მკაფიოა, შევქმნათ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი, ეს ორპოლუსიანობა დაიმსხვრეს. ისეთი გაერთიანების შექმნა არის გასაღები, სადაც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“, ასეთი გაერთიანების შექმნაა „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები. ჩვენ ხელს შევუწყობთ ასეთი პროევროპული პარტიების ერთობის შექმნას, რომელიც ორიენტირებული იქნება, რომ ეს ორპოლუსიანობა დაამსხვრიოს, იმუშაოს იმ ელექტორატთან, რომელიც არ აპირებს, რომ ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. გაერთიანება საჭიროა „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის ელექტორატზე იმუშაოს, ეს მათი პრობლემაა. ის გაერთიანება, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, რომ ხელი შევუწყოთ, არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით, არამედ მიმართული იქნება, რომ ეს ხელისუფლება დემოკრატიული კოალიციური მმართველობით შეიცვალოს“, – განაცხადა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.