ბადრი ჯაფარიძე - უნდა შევცვალოთ ხელისუფლება 2 ოქტომბერს და ამის შემდეგ, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში დავადგენთ სინამდვილეს, უკანონო მოსმენების პრაქტიკა უნდა დავასრულოთ
ქვეყანაში უკანონო მოსმენებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავრობის ხელმძღვანელმა და იმ კონკრეტული სამსახურის უფროსმა, რომლის ხელმძღვანელობითაც ხორციელდებოდა უკანონო მიყურადება, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი პრაქტიკა, რომელიც უნდა დამკვიდრდეს საქართველოშიც.
ამასთან, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ რიგგარეშე სხდომის ჩასანიშნად, სათანადო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს.
„რიგგარეშე სხდომა ჩვენ მოვითხოვეთ გასულ კვირას, ვაგროვებთ სათანადო რაოდენობის ხელმოწერებს. როდესაც გვექნება 38 ხელმოწერა, ამას შემდეგ გამოვიყენებთ იმ მიზნით, რომ რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნოს. როდესაც დადგინდა უკანონო მოსმენები, შესაბამისად, როდესაც უკანონო მოსმენები ხორციელდება ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავრობის ხელმძღვანელმა – ასე ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში, და რა თქმა უნდა, იმ კონკრეტული სამსახურის უფროსმა, რომლის ხელმძღვანელობითაც ხორციელდებოდა უკანონო მიყურადება.
ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი პრაქტიკა, რომელიც უნდა დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ არ ველოდებით პირუთვნელ გამოძიებას. როგორც ხედავთ, არის მცდელობა, შეიქმნას შთაბეჭდილება, ვითომ დაიწყო გამოძიება ამ ფაქტებთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება 2 ოქტომბერს და ამის შემდეგ, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში დავადგენთ სინამდვილეს, ვინ დგანან ამ ადამიანების უკან. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ უკანონო მოსმენებისა და მიყურადების პრაქტიკა ჩვენს სამშობლოში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.