ბადრი ჯაფარიძე - „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება მნიშვნელოვანია, მაგრამ, ვფიქრობ, ბრიტანეთის სამსახურები გამოძიებას ჩაატარებენ და მათ უნდა დაველოდოთ, საგანგაშოა, თუ ეს ფაქტები დადასტურდა
„ლელოს“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარტია „ლელოს“ დავით კეზერაშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ჩვენ არანაირი კავშირი არ გვქონია და არ გვაქვს კეზერაშვილთან. ოპოზიციაში ბევრი პარტიაა. „ლელოს“ კეზერაშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს. შესაბამისად, მისი განცხადებები ალბათ პოლიტიკურ ველზე სხვა მოთამაშეებს ეხებოდა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, კეზერაშვილთან დაკავშირებით „ბიბისის“ მასალა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაფერი ნათელი გახდება მას შემდეგ, თუ ბრიტანეთის შესაბამისი სამსახურები გამოძიებას ჩაატარებენ.
„„ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ვფიქრობ, ბრიტანეთის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც კვალიფიციურობით გამოირჩევიან, გამოძიებას ჩაატარებენ. ალბათ ამის შემდეგ გახდება ნათელი, რასთან გვაქვს საქმე. ჟურნალისტებმა ეს ფაქტები რომ გამოამზეურეს და თავიანთი ვარაუდი გამოთქვეს, ეს თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ ბრიტანეთის სპეცსამსახურები, საგამოძიებო სტრუქტურები მსოფლიოში საუკეთესონი არიან, ამიტომ ალბათ მათ მიერ ჩატარებულ გამოძიებას უნდა დაველოდოთ, რომ ვთქვათ, არის თუ არა ვინმე დამნაშავე საქმეში. უნდა დაველოდოთ ბრიტანული სამსახურებისა და შესაბამისი ორგანოების გამოძიებას. ფაქტები ძალიან საგანგაშოა. ეს ფაქტები თუ დადასტურდა, ძალიან საგანგაშო, ცუდია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არანაირი პოლიტიკური ან რაიმე სხვა კავშირი კეზერაშვილთან არ გვაქვს, არც ვაპირებთ, გვქონდეს. შესაბამისად, ამაზე უნდა ესაუბროთ პარტიებს, რომლებსაც მასთან კავშირი ჰქონდათ ან შემდგომში კავშირს განიხილავენ“, – განუცხადა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.