ბადრი ჯაფარიძე - არავინ უნდა ჩათვალოს, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა, ოპოზიცია გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ხუთივე პუნქტზე მოხდეს შეთანხმება
არავინ არ უნდა ჩათვალოს, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა, ოპოზიცია გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ხუთივე პუნქტზე მოხდეს შეთანხმება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები სამ პუნქტზე უკვე შეჯერდნენ. ჯაფარიძემ იმედი გამოთქვა, რომ ამ სამ პუნქტს მმართველი გუნდიც დაეთანხმება.
„ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ელჩებთან, ფასილიტატორებთან. ამ წუთას კონკრეტული თარიღი, როდის იქნება მოლაპარაკების შემდგომი ეტაპი, შეუძლებელია განისაზღვროს. ბრიუსელი, ვაშინგტონი, ჩვენი უახლოესი პარტნიორები ამ პროცესში ჩართული არიან. ვინმემ ერთი წუთითაც არ უნდა იფიქროს, რომ პროცესი შეწყდა, ან მოლაპარაკებები ჩაიშალა. ჩვენ, ოპოზიციის მხრიდან გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ხუთივე პუნქტზე მოხდეს შეთანხმება. ოპოზიცია სამზე უკვე შევჯერდით, ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, ამ მედიაციის პროცესმა შედეგი გამოიღო, დაგვრჩა ორი პუნქტი. ვაგრძელებთ კომუნიკაციას, კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან და იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ გადადგამს სახელმწიფოებრივ ნაბიჯს, დაეთანხმება იმ სამ პუნქტს, რომელსაც ოპოზიცია დაეთანხმა და შემდეგ იმ დამატებით ორ პუნქტზე შეჯერებას მოვახერხებთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.