ბადრი ჯაფარიძე - არ არსებობს საკითხი, რომელიც შეიძლება, შეუთანხმებელი დარჩეს
არ არსებობს საკითხი, რომელიც შეიძლება, შეუთანხმებელი დარჩეს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შინაარსიანი, თუმცა საკმაოდ რთული მოლაპარაკებები გაიმართა.
„შინაარსიანი, მაგრამ ძალიან რთული მოლაპარაკებები გვქონდა, რომელიც ხვალ გაგრძელდება. კონკრეტულად სხვას ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან ვსაუბრობთ ძალიან კომპლექსურ პრობლემებზე, რომელიც მოითხოვს ძალიან მნიშვნელოვან კომპრომისებს. გამომდინარე საკითხების სირთულიდან, პროცესი გრძელდება ხვალ, დანარჩენ დეტალებს ვერ მოგახსენებთ.
განწყობებზეც არ მინდა გესაუბროთ. ჩვენ ვსაუბრობთ პაკეტის შეთანხმებაზე, ყველა საკითხზე უნდა შევთანხმდეთ. არ არსებობს საკითხი, რომელიც შეიძლება, შეუთანხმებელი დარჩეს. მხარეების მონდომება თუ არსებობს, გადაულახავი სირთულე არ არსებობს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან მოლაპარაკების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ევროპელი მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობას და მათ მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს. მედიატორი ცდილობს, მხარეების პოზიციები დააახლოვოს, უსმენს მათ და შემდეგ ცდილობს, შეაჯეროს დოკუმენტი. შემდეგ ამ შეჯერებულ დოკუმენტს ვიხილავთ. ეს არის რთული პროცესი. ამიტომ მათი ჩართულობა ძალიან პროდუქტიულია. ისინი მაქსიმალურად ხელს უწყობენ პროცესს, უბრალოდ პროცესი ძალიან რთულია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
რაც შეეხება პარლამენტში ოპოზიციის შესვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა: „შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ჩვენ პარლამენტში მუშაობას ვაგრძელებთ“.