ბადრი ჯაფარიძე - ანაკლიის პროექტი ვითარდება და მას ხელს ვერაფერი შეუშლის
ანაკლიის პროექტი ვითარდება და მას ხელს ვერაფერი შეუშლის, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილე ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, განცხადებები, რომელიც შეიძლება, კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდეს ან კონკრეტულ მოვლენაზე პასუხი იყოს, აზიანებს, როგორც იმ ადამიანების რეპუტაციას, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია, არამედ ინსტიტუტისა და ქვეყნის რეპუტაციას.
ჯაფარიძეს განმარტებით, ინსტიტუტები, რომელთანაც ანაკლიის კონსორციუმი მუშაობს არიან „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“, „ოპიკი“, „აზიის განვითარების ბანკი“, „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი“.
„ყველა ეს ბანკი მუშაობს ჩვენთან ჩვენს ჯგუფში, როგორც ანაკლიის პორტის დამფუძნებლებთან. მათ სურთ ჩვენთან ერთად მუშაობა და უნდათ, ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განვითარებაში მიიღონ მონაწილეობა. იმედი მაქვს, ყველას ესმის პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის მიმართ, რომ ეს პროცესი წარიმართოს ქვეყნისთვის სასიკეთოდ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
კითხვაზე, ვინ არის პ.ღ. რომელიც პროკურატურამ დღეს გაკეთებულ განცხადებაში ახსენა, ჯაფარიძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, საერთოდ რატომ იყო ნათქვამი ამის შესახებ.
„ვინ არის პ.ღ, ეს კითხვა პროკურატურის წარმომადგენელს უნდა დაუსვათ. თუ გულისხმობთ პაატა ღაზაძეს, ჩემი აზრით, მის მიმართ ცუდი არაფერი თქმულა. არ ვიცი, რატომ იყო ნათქვამი, რას ნიშნავს ეს საერთოდ. უბრალოდ, გაიჟღერა ინიციალებმა და ალბათ, გამოიწვია ეჭვი. ვერ მოვისმინე რამე ისეთი, რომელზეც შეიძლება, კომენტარი ღირდეს“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ.
კითხვაზე, ხომ არ ელოდება დაკავებას ან სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას კონკრეტული პირების მიმართ, ჯაფარიძემ აცხადებს, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და არაფერი დასამალი არ აქვთ.
„აბსურდია, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. როდესაც სესხულობ, ფული უნდა ჩაგერიცხოს პირად ანგარიშზე. მთავარია, სად წავიდა შემდეგ ეს ფული. სწორედ ამიტომ გვინდოდა კომიტეტზე მოგვეხსენებინა პარლამენტარებისთვის, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. საბედნიეროდ, ყველაფერი გამჭვირვალე გვაქვს და არაფერი დასამალი არ გვაქვს. სესხი, რომელიც ავიღეთ იყო წარმართული მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალი ინსტიტუტის ანგარიშზე და „თიბისი ბანკის“ კაპიტალში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაკეთდა. პროკურორმა, სალომე ჩიქობავამ ბრიფინგზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები წარადგინა. ამასთან, განცხადების თანახმად, „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში კიდევ ერთი პირი პ.ღ. ფიგურირებს, რომელიც „თიბისი ბანკში“ ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა.