ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტზე შეთანხმების შემთხვევაში, „ლელო“ პარლამენტში შევა და საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტზე შეთანხმების შემთხვევაში, „ლელო“ პარლამენტში შევა და დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, საგამოძიებო კომისია ისე უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ოპოზიციის სიტყვა წონადი იყოს.
„რა თქმა უნდა, კი. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შევდივართ პარლამენტში და აქტიურად ვიმუშავებთ ამ შეთანხმების რეალიზაციაზე, რადგან ის მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს. საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს განხორციელება იქნება, რათა შეთანხმების რეალიზაცია მოვახდინოთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, საგამოძიებო კომისიაშიც მივიღებთ მონაწილეობას, ოღონდ ეს საგამოძიებო კომისია იმდაგვარად უნდა იყოს ფორმირებული, რომ ოპოზიციის სიტყვა იყოს მართლაც წონადი და არ იყოს მხოლოდ საგამოძიებო კომისია მხოლოდ ქაღალდზე, რომ აღნიშვნა მოხდეს სადღაც, რომ გამოძიება ჩავატარეთ. ეს უნდა იყოს რეალური საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ფაქტებს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.