ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ თბილისში კახა კალაძის საარჩევნო ბანერები პროექტის - „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სანაცვლოდ განთავსდა
„ლელოს“ გენერალური მდივანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ თბილისში კახა კალაძის საარჩევნო ბანერები პროექტის „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სანაცვლოდ განთავსდა.
მისი თქმით, ეს არის დემონსტრირება იმ პრიორიტეტების, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს.
„სამწუხაროდ, ეს არ არის წიგნიერების გაზრდა და განათლების სისტემის რეფორმირება. ეს შესაცვლელია. ჩვენი მიზანია, რომ მომავალი თაობა იყოს გამორჩეული განათლების მატარებელი თაობა, ამას ემსახურება თბილისის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად წარმოჩენა. ჩვენ სწორედ ასეთი კამპანია უნდა ვაწარმოოთ და არა მდარე გემოვნების, პოლიტიკური შინაარსის შემცვლელი ბანერებით გადავავსოთ ჩვენი ქალაქი, სიძულვილისა და ზიზღის შემცვლელი სისხლიანი ბანერებით, რაც ეწინააღმდეგება ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.