ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ელჩებთან შეხვედრა ორშაბათისთვის გადაიდო
როდესაც ემზადები მოლაპარაკებისათვის, წინა დღეს კი აცხადებ, რომ შესაძლოა, ერთ-ერთი პარტიის რეგისტრაციის გაუქმებაზე დაიწყო მუშაობა, ამავდროულად შეუწყვიტო დაფინანსება პარტიას, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს, არ შევიდეს პარლამენტში, ვფიქრობ, ასეთი განცხადებები აბსოლუტურად ანგრევს მოლაპარაკების ატმოსფეროს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ელჩებთან შეხვედრა ორშაბათისთვის გადაიდო.
„ჩვენ სამწუხაროდ მოვისმინეთ ძალიან აგრესიული განცხადებები „ქართული ოცნების“ მხრიდან და როდესაც ემზადები მოლაპარაკებისათვის, წინა დღეს აცხადებ, რომ შესაძლოა, ერთ-ერთი პარტიის რეგისტრაციის გაუქმებაზე დაიწყო მუშაობა და ამავდროულად შეუწყვიტო პარტიული დაფინანსება, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს, არ შევიდეს ამ პარლამენტში, ვფიქრობ, ასეთი განცხადებები აბსოლუტურად ანგრევს მოლაპარაკების ატმოსფეროს. დღეს მოლაპარაკებები ამ განცხადების შემდეგ იქნებოდა ძალიან დაძაბულ ვითარებაში და ნაკლებად პროდუქტიული, ამიტომაც ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მოლაპარაკებები გადადებულიყო ორშაბათისთვის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, არც ერთი პარტია არ უშლის ხელს მოლაპარაკებებს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
„ვსაუბრობთ, ორ უმნიშვნელოვანეს საკითხზე შეთანხმება არ არის მიღწეული, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ორ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ოთხიდან, ეს ეხება ვადამდელ არჩევნებს დანიშვნის საკითხს და ეხება პოლიტიკური ნიშნით წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების წარმოებას და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას. ამ ორ საკითხზე შეთანხმება ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ არ გვაქვს, მე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.