ბადრი ჯაფარიძე - 7 აგვისტო არის თარიღი, როცა რუსეთმა გადმოკვეთა ჩვენი ქვეყნის საზღვარი უკანონოდ, რუსეთის აგრესია არ დაწყებულა აგვისტოში, არამედ მიმდინარეობს საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან
პარტია „ლელოს“ წევრებმა მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, რუსეთის აგრესია და ოკუპაცია საქართველოში უნდა დასრულდეს მშვიდობიანად და ქვეყნის დეოკუპაციით.
მისივე თქმით, რუსეთის აგრესია არ დაწყებულა აგვისტოში, რუსეთის აგრესია მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან.
„აგრესია ხორციელდებოდა სხვადასხვა ფორმით ამ პერიოდში და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი არის სწორედ ჩვენი მეგობრების, დასავლური სამყაროს, ჩვენი ხალხის ერთგული მეგობრების დამსახურება და, ცხადია, რომ ჩვენი ქვეყნის საბოლოო დეოკუპაცია სწორედ მოხდება მშვიდობიანად ჩვენი მეგობრების დახმარებით, ჩვენი ხალხის მშვიდობიანი ძალისხმევით და ეს არის სწორედ ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის გარანტია, როდესაც ჩვენი მეგობრები არიან ჩვენ გვერდით, იქნება ეს ჭირი, როდესაც ჩვენ დაგვესხა თავს რუსეთი, თუ იქნება ეს ჩვენი ქვეყნის განვითარება.
ჩვენ ამოვდივართ მაშინ, როდესაც ჩვენ ვთვლით საჭიროდ, რადგან რუსეთის აგრესია გრძელდება უკვე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან და 7 აგვისტო არის სწორედ ის თარიღი, როდესაც მათ გადმოკვეთეს ჩვენი ქვეყნის საზღვარი უკანონოდ და რუსეთის სამხედრო ნაწილები შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ჩვენ ასე ვფიქრობთ და ყველას მოგიწოდებთ, იფიქროთ, რომ რუსეთის აგრესია არ დაწყებულა აგვისტოში, რუსეთის აგრესია მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან. ამის გამო იყო სამოქალაქო ომი, მათ მიერ იყო ინსპირირებული სამოქალაქო ომი, მათ მიერ იყო ინსპირირებული აფხაზეთში, ცხინვალში სისხლისღვრა, შემდგომ აგრესია 2008 წელს, ამიტომ რუსულ პროპაგანდას ნუ აჰყვებით. რუსეთის აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გრძელდება დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.