ბადრი ჯაფარიძე - პროკურატურის განცხადება ჩაშლილი საკომიტეტო მოსმენის პასუხი იყო
გენერალური პროკურატურის დღევანდელი განცხადება ჩაშლილ საკომიტეტო მოსმენასთან დაკავშირებით პასუხი იყო, ასეთი განცხადებები ქვეყნის რეპუტაციას დიდ ზიანს აყენებს, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, პროკურატურის დღევანდელი განცხადება პრაქტიკულად უწყების 2019 წლის 8 იანვრის განცხადების გამეორებას წარმოადგენდა.
„ჩემი ღრმა რწმენით, ეს იყო პასუხი კომიტეტის ჩაშლილ მოსმენასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადება ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას. იქ ბრალდება არ მომისმენია, ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები და ძალიან სანდომიანმა ქალბატონმა გააკეთა შეფასებები წმინდა საბანკო ოპერაციებისა, რომელიც არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია და არანაირად არ შეიძლება, სესხის გაცემის შეფასება, ბალანს გარეთ სესხის გატანა პროკურატურის კომპეტენცია იყოს. ეს არანაირად არ არის პროკურატურის კომპეტენცია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ამასთან, ბადრი ჯაფარაიძემ 2008 წლის ომის გამო შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა, რადგან საქმე 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციებს და ქმედებებს ეხება.
„საზოგადოდ, მინდა, ყველას შევახსენო, რომ 2008 წელზეა საუბარი დღეს. 2008 წელს საერთოდ როგორ გადავრჩით, როგორც ქვეყანა ან როგორ გადარჩა საბანკო ინდუსტრია ომს და გლობალურ ფინანსურ კრიზისს, თითქოს ყველას დაავიწყდა. 2008 წლის ბოლოს ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად ნორმალურ ვითარებაში. მინდა, ყველა მხარეს მოვუწოდო, გაიხსენოს 2008 წელი, გაიხსენოს რა მოხდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში, რა მოხდა მსოფლიოში 2008 წელს. ვფიქრობ, ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როდესაც საბანკო სისტემა გადარჩა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. ეს იმ დროს, როდესაც მსოფლიოს უდიდესი ბანკები გაკოტრდნენ 2008 წელს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მან ყველა მხარეს მოუწოდა, ობიექტური ანალიზი გააკეთონ, გაუფრთხილდნენ ქვეყნისა და ყველაზე წარმატებული ინდუსტრიის რეპუტაციას საქართველოში.
ამასთან, მისი თქმით, ავთო წერეთლის კომპანიების („სამგორი თრეიდი“ „სამგორი ემ“) გარდა, 2008 წელს უამრავი კომპანიის ვალი დარეზერვდა, რაც ომის გამო შექმნილ კრიზისს უკავშირდება. ამასთან, ჯაფარიძის შეფასებით, ავთო წერეთელი ძალიან სანდო და მნიშვნელოვანი ბიზნესმენია.
კითხვაზე, რატომ გაიცემოდა ავთანდილ წერეთლის კომპანიაზე 2008 წლის შემდეგ კრედიტები „თიბისი ბანკიდან“, მაშინ, როცა პროკურატურის ინფორმაციით, ბანკმა 2008 წლის ბოლოს ამ კომპანიებზე გაცემულ სესხებს უიმედო კლასიფიკაცია მიანიჭა, ჯაფარიძე პასუხობს, რომ კარგი იქნება, ეროვნული ბანკისგან სხვა კომპანიებისთვის დარეზერვებული თანხების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა, რომელიც მისივე თქმით, ჯამში შესაძლოა, მილიარდ ლარს შეადგენდეს.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაკეთდა. პროკურორმა, სალომე ჩიქობავამ ბრიფინგზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები წარადგინა. განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ „თიბისიმ“ „სამგორი თრეიდსა“ და „სამგორი ემ“-ზე გაცემულ სესხებს უიმედო კლასიფიკაცია მიანიჭა, ბანკი ამ კომპანიების დაკრედიტებას მაინც განაგრძობდა.