ბადრი ბიწაძე - საზღვრის დაცვა იცავს დადგენილ საზღვარს, მე დადგენაში არ ვმონაწილეობდი, კომისიის შეხვედრაზე, რომელსაც 2006 წელს დავესწარი, არანაირი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული
საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბადრი ბიწაძე გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
საგამოძიებო უწყებაში ის დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით იყო დაბარებული. ბიწაძის თქმით, მისი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ ყველა კითხვას უპასუხა.
ბადრი ბიწაძის განმარტებით, ხელმძღვანელობდა საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, რომელიც დადგენილ საზღვარს იცავს და თავად საზღვრის დადგენის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.
რაც შეეხება სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის ერთ-ერთ სხდომას, რომელსაც თავადაც ესწრებოდა, ბიწაძის თქმით, ეს იყო რიგითი შეხვედრა, რომელზეც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხი განიხილეს, თუმცა არანაირი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
„ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, რაც ვიცოდი, ყველაფერზე ვუპასუხე. იყო კითხვები, საიდანაც ზოგი მე მეხებოდა, ზოგიც – არა. საქმის გარემოებიდან გამომდინარე, მე ვესწრებოდი შეხვედრას, ერთ-ერთი კომისიის სხდომას და ამ შეხვედრის ოქმზე არის ჩემი ხელმოწერა. ეს იყო ერთ-ერთი რიგითი შეხვედრა, რომელზე იხილებოდა აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის საკითხი. მე კომისიის წევრი არ ვყოფილვარ, საზღვრის დაცვას ვხელმძღვანელობდი. საზღვრის დაცვა იცავს დადგენილ საზღვარს და მე დადგენაში მონაწილეობას არ ვიღებდი. არ მაქვს მოლოდინი, აღმოვჩნდე ბრალდებულის სკამზე, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. შეხვედრაზე, რომელსაც 2006 წელს ვესწრებოდი, არანაირი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული“, – განაცხადა ბადრი ბიწაძემ.