ღვინის კომპანია „ბადაგონის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები დღეისათვის დასრულდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ოფისის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
კომპანიის ადვოკატის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, გამომძიებლებმა ყველა ის დოკუმენტი წაიღეს, რომელიც „ბადაგონს“ ეკუთვნოდა.
ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, წაღებულია კონტრაქტები, რომელიც „ბადაგონს“ გაფორმებული ჰქონდა უცხოურ კომპანიებთან, ასევე დოკუმენტაცია, რომლებიც გაფორმებული იყო ვალის შესახებ.
„ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მოხდა პოლიტიკური პროცესი, წელს „ბადაგონი“ გახდა პირველი კომპანია, რომელმაც გაყიდა ყველაზე მეტი ღვინო, ყველაზე წარმატებული ბრენდია და პირველად გავიდა საგადასახადო მოგებაზე. როგორც კი დაინახეს სავარაუდო დამნაშავეებმა, რომ ბადაგონი არის წარმატებული კომპანია, მაშინვე შემოვარდნენ და წაიღეს ის დოკუმენტაცია, რომელსაც არ შეიძლება შეხება ქონდეს ვიღაც ჯანჯღავას განცხადებასთან“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
კომპანიის ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ უწყებამ გამოძიება უსაფუძვლოდ დაიწყო. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის, მუშაობა შეწყვეტილი აქვს კახეთში ორივე ქარხანას, „ბადაგონის“ წარმომადგენლები ხვალ კიდევ ერთ პრესკონფერენციას გეგმავენ. საგამოძიებო მოქმედებები დღეს ოფისში დაახლოებით რვა საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბადაგონის“ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. უწყებაში განმარტავენ, რომ საგამოძიებო ღონისძიებები კომპანიაში ხელს არ უშლის წარმოების პროცესის მიმდინარეობას.