„ბადაგონის“ მთავარი მეღვინე - ვფიქრობ, ჩვენმა წარმატებამ ვიღაც გააღიზიანა
„ბადაგონის“ მთავარი მეღვინე - ვფიქრობ, ჩვენმა წარმატებამ ვიღაც გააღიზიანა

კომპანია „ბადაგონის“ მთავარი მეღვინე სანდრო ქუმსიაშვილი ფინანსური პოლიციის შესვლას მათ წარმატებულ საქმიანობას და ამასთან დაკავშირებით გაჩენილ ინტერესებს უკავშირებს.

„აღმოსავლეთ ევროპაში „ბადაგონი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა ტექნიკური აღჭურვილობით, გადატვირთვების და წარმოებული ღვინის ექსპორტით. ვფიქრობ, ამან ვიღაც გააღიზიანა. ამ დრომდე, კომუნიკაცია ცენტრალურ ოფისთან არ გვქონია, აქ ადგილზე საწარმოში ფინანსური პოლიცია არ შემოსულა“, – განაცხადა სანდრო ქუმსიაშვილმა.

მისივე თქმით, დღის პირველი ნახევრიდან კომპანია პარალიზებულია.

„რამდენ ხანს ვიქნებით, პარალიზებული, არ ვიცი. ეს ცუდად აისახება არა მხოლოდ კომპანიაზე და მიღებს დიდ ზარალს, არამედ ქვეყნისთვისაც არ იქნება კარგი“, – აცხადებს კომპანიის მთავარი მეღვინე.

კომპანიაში 600-მდე თანამშრომელია დასაქმებული.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბადაგონის“ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. შპს „ბადაგონის“ ოფისში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტაციის ამოღება და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვა.

საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებით ხელი არ შეეშლება კომპანიის საქმიანობას.