ბაჩუკი ქარდავა - დღევანდელი რეჟიმი ლამის საძინებელში უვარდება ადამიანებს და ვერავინ დამარწმუნებს, რომ სამაჯურით ნიკა მელიას საუბრები არ კონტროლდება
ვერავინ დამარწმუნებს, რომ ნიკა მელიას სამაჯურით არ უსმენენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი რეჟიმის ნდობა არ შეიძლება.
„თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, მით უმეტეს, რომ დღევანდელი რეჟიმი ლამის საძინებელში უვარდება ადამიანებს და მერე ინტერნეტში ავრცელებენ, როგორ შეიძლება ამათი ნდობა. შესაბამისად, ვერავინ დამარწმუნებს, რომ გარდა გადაადგილებისა, არ კონტროლდება ნიკა მელიას საუბრები“, – განაცხადა ქარდავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიას გუშინ სახლში პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ელექტრონული სამაჯური დაამაგრეს.
ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგის ტექნიკურ მხარეს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“ უზრუნველყოფს. ამის შესახებ გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გუშინ გაავრცელა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, პრობაციის ეროვნული სააგენტო გამოძიების მწარმოებელ ორგანოს მონიტორინგის შედეგებს მიაწვდის.
„თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ დამატებითი ღონიძიების სახით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. ამ ღონისძიების შესრულება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ეთხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“, რომელიც განახორციელებს ელექტრონული მონიტორინგის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფას და გამოძიების მწარმოებელ ორგანოს მიაწვდის მონიტორინგის შედეგებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 ივლისს არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურა ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს განახორციელებს.